კითხვის დრო: 3 წთ.
მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე საჯაროდ საუბრობს:
“არ ვიცი, პოპულიზმით ხდება ეს, თუ ერთგვარი უშინაარსო მიმბაძველობით, მაგრამ უკვე რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა და გარე სივრცეებში შემხვდა ილია ჭავჭავაძის ცნობილი ტრიადის “მამული, ენა, სარწმუნოება” ახლით ჩანაცვლების მცდელობა – ილია მეორის “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” იგულისხმება, ცხადია.
ეს წარმოჩინდება, როგორც თანამედროვე საქართველოს იდენტობის მსაზღვრელი.
თავად ილია მეორის ფრაზას არაფერს ვერჩი, ოღონდ რელიგიურ ჭრილში. ადამიანის, როგორც ფასეულობის წინ წამოწევაც, ჰუმანისტური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგრამ თუ საკითხს ვუყურებთ ეროვნული და პატრიოტული კუთხით, ილია ჭავჭავაძეს ტყუილად არ დაუჯგუფებია ეს სამი ცნება. ესაა საქართველოს ერთიანობის ქვაკუთხედი, რომელიც ჯერ კიდევ გიორგი მერჩულემ ასახა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში: “ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ აღესრულების”. ესაა გასაღები ქართული იდენტობის აღსაქმელად.
ქართლად (მამული), ქართულითა ენითა (ენა), ლოცვაი აღესრულების (სარწმუნოება).
ქართული ენა არის ამ ტრიადის ფუნდამენტი და მე ვიტყოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. იმიტომაც ე.წ. ენის დაცვის აქციებზე და შემდგომშიც, როდესაც ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა, ფრაზამ მცირედით სახეც იცვალა და “ენა, მამული, სარწმუნოებად” იქცა. ენის გაქრობა იყო ოკუპაციის უკანასკნელი ნაბიჯი, რომელიც მაშინდელმა სისტემამ ვერ შეძლო. საქართველო ხშირად ყოფილა ოკუპირებული, მიწები დაკარგულა, სარწმუნოება შეუცვლიათ, მაგრამ სანამ ენას ინარჩუნებს ქართველი, ის ფერეიდანშიც და ტაოშიც – ქართველად მოიაზრებს თავს.
ამიტომ მიმაჩნია ყველაზე დიდ ქართულ წიგნად დედა ენა. ამიტომ იყო ვეფხისტყაოსანი საკრალური ქართველებისთვის, ენის მთელი ბრწყინვალების შესანარჩუნებლად რომ იზუთხავდნენ.
ჩემთვის, რამდენადაც უმნიშვნელოვანესია ქრისტიანობა, პატრიოტიზმი და კაცთმოყვარება, იმდენად მშვენიერი ფრაზაა “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”, მაგრამ ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედი უკვე გვაქვს – “მამული, ენა, სარწმუნოება”, ჰოდა, ახალ ველოსიპედს ნუ გამოვიგონებთ.”
გართობა artinfo.ge