ელენე ხოშტარიას ციხიდან „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანენ

2 hours ago 3

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას რუსთავის ქალთა ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ. ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის უფროსმა, გიორგი პატარიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ექიმთან, მაკა იოსელიანთან დაახლოებით 4-საათიანი შეხვედრა დასრულდა.

დაპირენბის მიხედვით, მისი მკურნალობის პროცესში სრულად იქნებიან ჩართული მისი მკურნალი ექიმები სხვადასხვა პროფილური მიმართულებით.

ელენე ხოშტარიას მდგომარეობა

თითქმის ორი კვირის წინ, 17 ივნისს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ ("კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მზად იყო შეესწავლა ელენე ხოშტარიასთვის პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეული "სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი", მაგრამ ამ დოკუმენტის გამოთხოვას თავად პირის თანხმობა სჭირდება.

„სწორედ ამიტომ, საჯაროდ გავრცელებული განცხადების შემდეგ, მის ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი წარმომადგენელი და გამოხატა მზაობა პროცესში ჩვენი ჩართვის მიმართულებით“, - დაწერა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელში.

რატომ არის ხოშტარია პატიმრობაში

ელენე ხოშტარია უკვე 10 თვეა პატიმრობაშია. მას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპონენტის, ხელისუფლებაშ მყოფი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის იმდროინდელი [მოქმედი] კანდიდატის, კახა კალაძის პლაკატზე წარწერის გაკეთების გამო.

24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.

„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.

სრულად წაკითხვა