ექიმმა-რევმატოლოგმა მედიცინის დოქტორმა მაკა იოსელიანმა ქალთა ციხეში ელენე ხოშტარია მოინახულა. მან ვრცლად ისაუბრა ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მისი თქმით, გამოვლინდა რამდენიმე სახსრის დაზიანება. ექიმის შეფასებით, საჭიროა ზუსტი დიაგნოზის დასმა, რასაც რამდენიმე ექიმის კონსულტაცია და მულტიფუნქციური კლინიკა სჭირდება.
“პაციენტის გასინჯვის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე სახსრის დაზიანება, როგორც პერიფერიული, ასე ცენტრალური. რა იგულისხმება: საუბარი არის რამდენიმე სახსარზე, მათ შორის წვრილ სახსრებზე — ფალანგები, მუხლები, მენჯ-ბარძაყები, რომელთა ნაწილის გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა, მიუხედავად პაციენტის მცდელობისა, ძლიერი ტკივილის გამო. რადიოლოგიურ კვლევას გავეცანი, რომელიც ჩატარებულია 2026 წლის აპრილის თვეში, იქ ვლინდება რევმატული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. პაციენტს უჭირს გადაადგილება დამოუკიდებლად, ხმარობს ხელჯოხს. უჭირს, თუმცა ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს თვითმომსახურების ფარგლებში.
ამ მონაცემების მიხედვით საუბარი არის ანთებით სახსროვან პათოლოგიაზე, რომელიც სავარაუდოდ პროგრესირებს. 2024 წელს თურქი კოლეგების მიერ დაისვა რეაქტიული ართრიტის დიაგნოზი (იმიტომ რომ სრული სურათი არ იყო გამოკვეთილი), ახლა რადიკალურად შეცვლილია. იმ პერიოდში არ იყო ხერხემლის დაზიანება. ეს ყველაფერი აუცილებელს ხდის გამოკვლევების ჩატარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია”, – განაცხადა ექიმმა.
პაატა სალიას განცხადებით, ელენე ხოშტარიას სამედიცინო დახმარება პირველივე დღიდან მიწოდება.
„ დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის, როგორც ჩვენ ვიცით სამედიცინო პერსონალისგან“, – ამბობს სალია.
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის — „რუსული ოცნება“ — გაკეთების გამო (სოლიდარობის ნიშნად 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძისადმი). სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა პოლიტიკოსმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა გადახდაზე და საპატიმროში დარჩა. საბოლოოდ მას წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა. 2026 წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ განაცხადეს, რომ საპატიმროში პოლიტიკოსის ჯანმრთელობა ბოლო 4 თვის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა. მათი თქმით, მას აწუხებს სახსრების ძლიერი ტკივილი, უჭირს გადაადგილება (სჭირდება ხელჯოხი) და ზოგჯერ წერაც კი. დაცვის მხარე თურქი ექიმების რეკომენდაციებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ხოშტარიას დიაგნოზების აბსოლუტური უმეტესობა ქრონიკულია და ციხეში შესვლამდე ჰქონდა დადგენილი. უწყების განმარტებით, პატიმარს უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და სპეციალისტების კონსულტაციები, მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა, თავად მსჯავრდებული კი სამედიცინო პერსონალთან უკმაყოფილებას არ გამოხატავს.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·