პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ციხეში ყოფნისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ამის შესახებ დღეს, 17 ივნისს, ბრიფინგი გამართეს „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ და მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატის თქმით, ელენე ხოშტარიას პერიოდულად აქვს სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ელენე ხოშტარიას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო მკურნალობა არ უტარდება, რის გამოც შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.
„უკვე 10 თვეა, ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და
შესამჩნევი გაუარესება.
ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალში საცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია:
სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.
ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერსონალმა ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.
ელენეს არანაირი პრეტენზია არ აქვს დაწესებულების თანამშრომლებთან, კერძოდ ექთნებთან და ოფიცრებთან. თუმცა, აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი – მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები თუ პროცედურები სპორადული, არასისტემური და არაეფექტურია.
იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო პასუხები და მკურნალობის გეგმა, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ თურქეთის კლინიკაში, ელენეს მკურნალ ექიმებთან. თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.
ამასთან ერთად, უკვე ორი კვირაა, რაც ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, დღემდე, ამ მიმართვაზე პასუხიც არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პენიტენციური სამსახურის გულგრილ დამოკიდებულებას პატიმრების ჯანმრთელობისა და მათ წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ“, – აცხადებს ადვოკატი.
გიგა ლემონჯავას განცხადებით, ელენეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
„ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა უკანონოდ, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო, იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში. მისი პოლიტიკური პოზიციაა, რომ ის არავის, მათ შორის, პენიტენციურ სამსახურს არაფერს სთხოვს, თუმცა ელენეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქამდე განვითარებულ და მომავალში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. რეჟიმის წარმომადგენლები სრულად ფლობენ ინფორმაციას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობენ ადეკვატური, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების გაწევაზე.
ჩვენი მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. აგრეთვე, რეჟიმის მხილება, რომელიც უდიერად ექცევა ადამიანების ჯანმრთელობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, როგორც ელენე ხოშტარიას, აგრეთვე სხვა პოლიტიკური პატიმრების და ზოგადად პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული ადამიანების შემთხვევაში.
ელენეს საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ელენეს აქტიურობა სოციალურ ქსელში, მისი ინტენსიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან წერილების მეშვეობით, მისი ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს პარტნიორებთან წერილობითი კომუნიკაციით, არ ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა მწყობრშია, ეს ნიშნავს, რომ იგი არა მარტო არ ეგუება რუსულ რეჟიმს, არამედ არ ეპუება მკვეთრად გაუარესებულ ჯანმრთელობას. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ მის ხელთ არსებული ყველა მეთოდით, ციხის პირობებშიც.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!“ – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას წელიწად-ნახევრით პატიმრობა აქვს მისჯილი კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის საქმეზე.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად დასდეს სხვისი ნივთის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი). საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას — „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე და პროტესტის ნიშნად საპატიმროში დარჩენა არჩია.
2026 წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკურ პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. თავად ხოშტარიამ ბოლო წერილებში კატეგორიულად აკრძალა ნებისმიერი მოლაპარაკება მისი გათავისუფლების შესახებ, რადგან ამას რეჟიმთან გარიგებად მიიჩნევს.
ელენე ხოშტარიამ ბანერზე წარწერა მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად გააკეთა. 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·