ელექტრონული სიგარეტი (ე.წ „ვეიპი“) ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც შედგება რამდენიმე ნაწილისგან: ელემენტი, გახურებადი ნაწილი და კარტრიჯი, რომელიც შეიცავს სითხეს.
სწორედ ამ სითხის გახურების შედეგად წარმოიქმნება აეროზოლი, რომელსაც ჩაისუნთქავს მომხმარებელი.
• ელექტრონული სიგარეტი შეიცავს ნიკოტინს, ქიმიურ ნივთიერებებს, დანამატებსა და არომატიზატორებს, რომლებმაც, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს როგორც მომხმარებელს, ასევე გარშემომყოფებს.
• ელექტრონული სიგარეტი შესაძლოა იყოს მრავალჯერადი ან ერთჯერადი გამოყენების. არ შეიცავს თამბაქოს, მაგრამ, როგორც წესი, შეიცავს ნიკოტინს.
• ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას – მოხმარების დაუძლეველ სურვილს და აღკვეთის სიმპტომებს.
• ნიკოტინი ზრდის არტერიულ წნევას და, შესაბამისად, კარდიო-ვასკულური გართულებების რისკს.
• შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული რისკები, განსაკუთრებით ბავშვებში, მოზარდებსა და ორსულებში.
• ზოგიერთი ნივთიერება, რომელიც ელექტრონული სიგარეტის სითხეების შემადგენლობაში შედის, ასოცირებულია ფილტვის ქრონიკულ დაავადებებთან და კიბოსთან.
• აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში ელექტრონული სიგარეტის მოხმარებით გამოწვეული ფილტვის დაზიანების (EVALI) 2,807 და სიკვდილის 68 შემთხვევა დაფიქსირდა.
• ელექტრონული სიგარეტი აკრძალულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
• გახსოვდეთ, ელექტრონული სიგარეტები არ არის უსაფრთხო და არ წარმოადგენს ტრადიციული თამბაქოსათვის თავის დანებების საშუალებას.