24.08.2026
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორის პოსტი ოფიციალურად დატოვა ვანო ზარდიაშვილმა. მას ამ თანამდებობაზე დავით ვარდიაშვილი შეცვლის, რომელიც, სამინისტროს ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა თანამშრომლებს წარუდგინა.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ვანო ზარდიაშვილმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
აგვისტოს დასაწყისში BMG-მ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. მათივე ცნობით, გადადგომის შესახებ განცხადება ზარდიაშვილმა 31 ივლისს დაწერა და ცნობილი იყო, რომ მის პოსტს დავით ვარდიაშვილი დაიკავებდა.
„დავით ვარდიაშვილს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში. იგი სხვადასხვა პერიოდში იკავებდა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის პოზიციას, იყო „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დირექტორი ფინანსურ საკითხებში, მუშაობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრის/დირექტორის თანამდებობებზე.
2022-2025 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარეში.
2016-2017 წლებში კი გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ასევე 14 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
5 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით უმეტეს რეგიონში ელექტროენერგია სრულად გაითიშა. ეს ბოლო ორ კვირაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის უკვე მესამე შემთხვევა იყო. სემეკმა განაცხადა, რომ მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყეს. გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით.
netgazeti