WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას ღია განცხადებით მიმართავს.

ელიზბარაშვილი განცხადებაში საკუთარ თავს უკანონო პატიმრად მოიხსენიებს და მოითხოვს, მოეხსნას გამომძიებლის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომელიც მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან სატელეფონო კომუნიკაციას უკრძალავს.

თამაზ ელიზბარაშვილი 2026 წლის 1 სექტემბერს თბილისის პოლიციის სამმართველომ დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი. მას “იმედის” თანამშრომლების მიმართ მუქარაში ადანაშაულებენ. საქმეში 7 დაზარალებულია კაცია, ვინც განაცხადა, რომ ცხოველთა დამცველის მუქარამ სერიოზულად შეაშინა.

ბრალდებული ამტკიცებს, რომ საქმე ხელოვნურადაა „შეკერილი“ და ის ტელეკომპანია „იმედის“ შვიდი თანამშრომლის ცრუ ჩვენებებს ეფუძნება.

როგორც პატიმარი აღნიშნავს, გამოძიება მიზანმიმართულად აფერხებდა მის დაკითხვას. პროტესტის ნიშნად, მან 9 სექტემბრიდან შიმშილობა დაიწყო.

„9 სექტემბერს მაშინვე გადამიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც არც ტელევიზორი, არც რადიო და არც საათი არ იყო. შვიდდღიანი შიმშილობით შედეგს რომ ვერ მივაღწიე, გადავწყვიტე რადიკალური ზომა მიმეღო და ციხის ადმინისტრაციას ვაცნობე, რომ თუ 17 სექტემბრამდე არ დამკითხავდნენ, თვითდაზიანებას მივიყენებდი, რადგან ბრძოლის სხვა იარაღი არ დამიტოვეს“, — წერს ელიზბარაშვილი განცხადებაში.

16 სექტემბერს საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა ბრალდებული დაკითხა. ელიზბარაშვილის განცხადებით, მისი ჩვენება სრულად ემთხვევა ინციდენტის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რაც მის უდანაშაულობას ადასტურებს.

თუმცა, როგორც განცხადებიდან ირკვევა, გამომძიებელმა პატიმარს ოჯახის წევრებთან ტელეფონით კომუნიკაციის უფლება შეუზღუდა. ელიზბარაშვილი აღნიშნულ ფაქტს ფუნდამენტური უფლებების დარღვევად და წამებად აფასებს.

თამაზ ელიზბარაშვილი იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, არ დაუშვას საგამოძიებო უწყების მხრიდან მიღებული „უკანონო მოთხოვნის“ შესრულება:

„ბატონო მინისტრო, გთხოვთ თქვენი სამინისტროს ქვემდებარე N8 დაწესებულებაში არ შეასრულოთ გამომძიებლის უკანონო მოთხოვნა. არ დაარღვიოთ ჩემი და ჩემი მცირეწლოვანი შვილების უფლებები და მომცეთ უფლება, როგორც სხვა პატიმრებს, დავრეკო მხოლოდ ჩემს მეუღლესთან და შვილებთან“, –  ნათქვამია 17 სექტემბრით დათარიღებულ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.