WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კვირას განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ალიანსის სიმტკიცე ურყევია.

ერდოანი აზერბაიჯანში ჩავიდა 8 ნოემბერს, როდესაც ბაქო სომხეთთან 2020 წლის ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავს. ფუზულის რაიონში, რომელიც აზერბაიჯანმა ექვსი წლის წინ, მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლებისას, დაიბრუნა სომხური ძალებისგან, თურქეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს, ემინეს, ილჰამ ალიევმა და ქვეყნის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევმა უმასპინძლეს.

„ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით, ჩვენი ერთობა მარადიულად იარსებებს“, განაცხადა ერდოანმა ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, „გულების ეს ერთობა, რომელსაც ვახასიათებთ დევიზით 'ერთი ერი, ორი სახელმწიფო', არის მარადიული ჩირაღდანი, რომელიც ჩვენი საერთო წარსულიდან იღებს ძალას და ჩვენს მომავალს ანათებს.“

ალიევმა აღნიშნა, რომ ალიანსი, რომელიც „ვრცელ გეოგრაფიულ არეალში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, ურყევი რჩება.

„აზერბაიჯანი და თურქეთი ერთად კიდევ უფრო ძლიერები არიან“, თქვა მან და დასძინა, რომ ერდოანის ვიზიტი „მთელ მსოფლიოს უჩვენებს ჩვენს ერთობას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობა მარადიულად გაგრძელდება.“

ამ შეხვედრის მიზანი იყო, რეგიონისა და მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ, ახლახან გაჩენილი უთანხმოების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ალიანსი კვლავაც მყარია.

აზერბაიჯანში ერდოანის ვიზიტს წინ უძღოდა ორ ტრადიციულ მოკავშირეს შორის ბოლო კვირების განმავლობაში გამწვავებული უთანხმოება.

აპირისპირების მიზეზი გახდა ბაქოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლებში ჰიჯაბის (კანონის ენაზე, „არასეკულარული ელემენტების“) ტარება აიკრძალა - როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლებისთვის.

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ირანსა და თურქეთში.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის გადაწყვეტილება 13 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გააკრიტიკა ერდოანის მრჩეველმა ოქტაი სარალმა, ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა აზერბაიჯანში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარალის მოწოდებას, რომ აზერბაიჯანს უკან წაეღო გადაწყვეტილება, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა.

დაძაბულობის განმუხტვის მცდელობის ფონზე 26 ოქტომბერს ერდოანმა სარალი მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ერდოანმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული „ძმური კავშირი ნებისმიერ დაბრკოლებას გაუძლებს“.