თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.
ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მოგვიანებით ის გაწერეს, თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კლინიკაში ხელახლა დააბრუნეს.
ექიმებმა საბოლოოდ ნაწლავის პრობლემის დიაგნოზი დასვეს, თუმცა ამ დროისათვის ნაყოფი უკვე დაღუპული აღმოჩნდა. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ქალს სეფსისი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“მოკლეს, დაუდევრობით… 6 თვის ორსული იყო. მუცლის ტკივილით შეიყვანეს კლინიკაში და ორი კვირა ვერ გაიგეს, რა ჭირდა. ექიმთან რომ მივიდა, უთხრეს, მოჩვენებითი ტკივილი გაქვსო. წამოვიდა უკან, რის შემდეგაც ნაწლავი გაუსკდა და სეფსისი დაემართა…” – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
კიდევ ერთი ახლობლის თქმით, ექიმებმა პაციენტის ჩივილები სერიოზულად არ მიიღეს და პაციენტს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს:
“2 წელი არ ჰყავდა შვილი, ახლა დაორსულდა, ისეთი ბედნიერი იყო და რა დამართეს. როგორც ვიცით, 1 კვირა მკვდარი ბავშვი უტარებია მუცლით, ექიმებს უთქვამთ შარდის ბუშტის ანთებააო და ამ დროს მთელი ორგანიზმი მოეწამლა” – ყვება ახლობელი.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამოღებულია სამედიცინო დოკუმენტაცია და კომპიუტერული მასალა. საქმეს ასევე სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო.
თამარ ურჩუხიშვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გარდაცვლილს სოფელ ნასამხრალში დაკრძალავენ.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·