ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

2 weeks ago 7

„ცრუ ინფორმაციის გავრცელება უსაფუძვლო პანიკას ქმნის და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის“ – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე შეზღუდვები წესდება.

„კატეგორიულად უარვყოფთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე.

მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკისა და პოზიტიური მაკროეკონომიკური ტენდენციების ფონზე, საბანკო სექტორი ახლა არის ისეთი მდგრადი, როგორც არასდროს. ბანკებს აქვთ საკმარისი ბუფერები გაუმკლავდნენ ყველაზე მძიმე შოკსაც კი. ლიკვიდური აქტივების მოცულობა 18 მილიარდი ლარის ეკვივალენტს აჭარბებს და უმეტესად უცხოურ ვალუტაშია ფორმირებული. ბანკებს, საჭიროების შემთხვევაში, აქვთ დამატებით საკრედიტო ხაზებიც და შესაძლებლობა, მოიზიდონ თანხები უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან, ისევე როგორც ეროვნულ ბანკს აქვს არაერთი ინსტრუმენტი დაეხმაროს სექტორს, თუ ამის აუცილებლობა დავინახეთ. მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ განკარგონ მათი ანაბრები, აწარმოონ კონვერტაციის თუ გადარიცხვის ოპერაციები“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა