ეს არის სირცხვილი – როთი მზია ამაღლობელის დაკავებაზე

2 days ago 5

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავება სირცხვილია.

ამის შესახებ მან 13 დეკემბერს თბილისში პროევროპულ აქციაზე ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის სირცხვილი, თუ ხალხი მშვიდობიანად აპროტესტებს და იბრძვის თავისი უფლებებისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, მაშინ სახელმწიფოს და პოლიციას მათი დაპატიმრების უფლება არ აქვს.

ამ მთავრობას არ უნდა უკეთესობისკენ შეცვლა, მათ უბრალოდ უნდათ გაანადგურონ ამ ქვეყნის მომავალი, მაგრამ ხალხს არ მოსწონს ცხოვრების რუსული გზა, მათ მოსწონთ ცხოვრების ევროპული გზა. ამიტომ ვარ აქ და ამიტომ იბრძვიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, მოქალაქეებთან ერთად, თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის“, – განაცხადა მიხაილ როთმა.

11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ. საქალაქო სასამართლო გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას 13 იანვარს მიიღებს.

სრულად წაკითხვა