„ეს იყო დაუმორჩილებლობის გამოხატვა“ - პიროტექნიკის სროლისთვის ქუთაისში მუსიკის მასწავლებელი დააჯარიმეს

2 hours ago 3

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ტარიელ ბალაბანიშვილმა 5 000 ლარით დააჯარიმა საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, სამოქალაქო აქტივისტი სოფო როინიშვილი, 31 იანვარს სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის.

„მე გაცნობიერებული მქონდა, რა მოჰყვებოდა ამ ფაქტს, ეს იყო დაუმორჩილებლობის გამოხატვა, არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, გამოხატულება იმის, რომ არ გვეშინია იმ რეპრესიების, რომელსაც ახორციელებს პროტესტის მონაწილეთა მიმართ“, - უთხრა ჟურნალისტებს როინიშვილმა.

ადვოკატ ვალერი თევდორაძის განცხადებით, პოლიციამ ვერ წარადგინა ბრალის შესაბამისი მტკიცებულებები, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია.

„შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა, ქვეპუნქტით, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ იქონიონ პიროტექნიკა. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ მუხლით პიროტექნიკის გამოყენება არ არის აკრძალული, შესაბამისად სოფო როინიშვილი არ არის სამართალდამრღვევი, თუმცა სასამართლომ, დამკვიდრებული პრაქტიკით, არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია.

ვერ დაადასტურა პოლიციამ, რომ მარშის მსვლელობის პერიოდში სოფო როინიშვილი ფლობდა პიროტექნიკას. ფლობა და გამოყენება სხვადასხვა ქმედებაა და აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფო როინიშვილის ადვოკატმა, ვალერი თევდორაძემ.

ქუთაისში, ისევე როგორც თბილისსა და სხვა ქალაქებში, 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები თვლიან, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა პირი რეჟიმის ტყვეა.

სრულად წაკითხვა