ესპანეთის პოლიციამ, საქართველოს პოლიციის ატაშესთან თანამშრომლობით, ესპანეთის მასშტაბით 27 ბინის ქურდობაში მონაწილე კრიმინალური დაჯგუფების 13 წევრი დააკავა.
ორივე ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, დაჯგუფება ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა – ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს ახორციელებდნენ, და ესპანური შტოსგან, რომლებიც მოპარული ნივთების რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში ახდენდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სპეცოპერაცია სახელწოდებით „CACHABA“, რომელსაც წინ უძღოდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაცია, ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გვადალახარასა და ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულები მოიცავდა კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას, ქონებასთან დაკავშირებულ დანაშაულებს, დოკუმენტების გაყალბებას, მოპარული საქონლის რეალიზაციას, ასევე ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობას. სამინისტრომ ასევე დასძინა, რომ დაკავებული 13 პირიდან ცხრა უკვე პატიმრობაშია და რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პოლიციამ სამკაულები, ძვირფასი საათები, ოქროს ზოდები, ნაღდი ფული და ქურდობისთვის საჭირო იარაღები ამოიღო.
This post is also available in:

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·