ესტონეთის პრემიერმინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ ესტონეთი აინიციირებს კონსულტაციებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-4 მუხლზე მას შემდეგ, რაც რუსეთის სამმა მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე.
ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ხელმომწერი "მხარეები გაივლიან კონსულტაციებს, როცა კი ნებისმიერი მათგანის თვალსაზრისით, საფრთხე ექმნება რომელიმე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას".
კრისტენ მიხალის სიტყვებით, რუსეთის თვითმფრინავები დაახლოებით 5 საზღვაო მილის სიღრმეზე შეიჭრა ნატოს ტერიტორიაზე და ისინი იტალიის საჰაერო ძალების მოიერიშე F-35-ებით გადაიტაცეს, რომლებიც Baltic Air Policing-ის მისიით იმყოფებოდნენ ემარის ბაზაზე.
ესტონეთი ინციდენტს უპრეცედენტოდ თავხედურად და წინასწარგანზრახულად აფასებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ეს მიმდინარე წელს ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევაა და ტალინი კვლავაც ეცდება მოკავშირეების დახმარებით გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა.
ნატომ დაადასტურა რუსეთის თვითმფრინავების გადატაცება და მოსკოვის მოქმედებას უგუნური უწოდა. ალიანსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნატო მზად არის დაიცვას ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის საჰარეო სივრცე და ხაზი გაუსვა, რომ ინციდენტი რუსეთის პროვოკაციული ქცევის მორიგი მაგალითია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 სექტემბერს განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა“ ცნობებით იმის თაობაზე, რომ ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსეთის თვითმფრინავებმა დაარღვიეს: „ეს მე არ მომწონს. არ მომწონს, როცა ასე ხდება. დიდი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას“.
რუსეთის სამხედრო უწყება არ უარყოფს, რომ პარასკევს, 19 სექტემბერს რუსეთის მოიერიშე „მიგ-31“-ებმა გეგმიური გადაფრენა განახორციელეს კარელიიდან კალინინგრადის ოლქში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ესტონეთის საჰაერო სივრცე მათ არ დაურღვევიათ: „ფრენის მარშრუტი ბალტიის ზღვის აკვატორიის ნეიტრალურ წყლებზე, კუნძულ ვაინდლოდან სამი კილომეტრზე მეტის დაშორებით გადიოდა“.
ესტონეთის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის თვითმფრინავები ფრენის გეგმის გარეშე მიფრინავდნენ, გამორთული ტრანსპონდერებით და არ ამყარებდნენ კავშირს სადისპეჩერო სამსახურებთან, რაც ნაკლებად სავარაუდოს ხდის მათ შემთხვევით და არა განზრახ შეჭრას ესტონეთის საჰაერო სივრცეში. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ესტონეთში და მას საპროტესტო ნოტა გადასცეს.
ევროპელი პოლიტიკოსები მომხდარს განზრახ პროვოკაციად აფასებენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს „არ იყო შემთხვევითობა“, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი დოვილე საკალინენე კი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების სასწრაფოდ განთავსებისკენ მოწოდებით გამოვიდა.
უკრაინამ სოლიდარობა გამოუცხადა ესტონეთს და დაგმო რუსეთის მოქმედებები, რომლებიც დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა როგორც ნატოს, ისე წევრი სახელმწიფოების მხრიდან გადამჭრელი საპასუხო ზომების აუცილებლობას.
ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთი ცდის საფრთხეებზე რეაგირებისთვის ნატოს მზადყოფნას. გასულ კვირაში ათობით რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე, რამდენიმე დღის წინ კი დასრულდა რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები, რომელიც მოიცავდა ბირთვული იარაღის გამოყენების კომპონენტსაც. პოლონეთმა წვრთნებს „აგრესიული“ უწოდა და სრულად ჩაკეტა ბელარუსთან საზღვარი.