ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ პასკალ ალიზარდი მათი სახელით არ საუბრობს

1 week ago 8

ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ პასკალ ალიზარდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ და პროსახელისუფლებო მედია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად წარმოაჩენს, ოდირთან ასოცირებული არაა და მათი სახელით არ საუბრობს.

რა ხდება?

2 დეკემბერს  „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა” წერილით მიმართა მაკა ბოჭორიშვილს და აღნიშნული წერილი მან ეუთო/ოდირის მხრიდან არჩევნების აღიარებად წარმოაჩინა.

„სასიხარულოა ის, რომ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით – საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება… ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები არის აღიარებული, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია არის საფუძველს მოკლებული. მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად ეუთო/ოდირს, ეუთოს სადამკვირვებლო მისია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას, არჩევნებზე დაკვირვებისთვის და მათი ობიექტური შეფასებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს.

ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა კოორდინირებულად გაავრცელეს მანიპულაცია, რომ პასკალ ალიზარდი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია.

სინამდვილეში პასკალ ალიზარდი, რომელიც საფრანგეთის სენატისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია,  საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო. სწორედ ასე აწერს ის ხელს მაკა ბოჭორიშვილისთვის გამოგზავნილ წერილს.

ოქტომბერში  ეუთოს სპეციალური კოორდინატორად მოიხსენიებდნენ პასკალ ალიზარდს ის პროსახელისუფლებო მედიებიც, რომლებიც ახლა მას ეუთოს მისიის ხელმძღვანელს უწოდებენ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს და ამას ადასტურებს იმავე სახელისუფლებო მედიების გავრცელებული ცნობებიც, რომლებიც ახლა ეუთოს მისიის ხელმძღვანელად პასკალ ალიზარდს ასაღებენ.

რას ამბობს ეუთო?

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებამ“ სცადა პასკალ ალიზარდი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად წარმოეჩინა, ხოლო მისი წერილი ეუთო/ოდირის მიერ არჩევნების აღიარების დასტურად, ნეტგაზეთის ეუთოს დაუკავშირდა.

ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში, ეუთო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პასკალ ალიზარდი არ არის დაკავშირებული ოდირთან (ეუთოს ფარგლებში მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, რომელსაც არჩევნების საკითხები და შეფასებები ეხება) და არც მათი სახელით საუბრობს.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოქვეყნდა ერთობლივ განცხადებაში, რომელზეც შეთანხმდნენ ოდირი და მისი ყველა პარტნიორი. თუმცა, ბატონი პასკალ ალიზარდი არ არის დაკავშირებული ოდირთან და ის არანაირად არ საუბრობს ჩვენი სახელით.

წინასწარი მიგნებებსა და შეფასებაში, რომელიც გამოქვეყნდა 27 ოქტომბერს, ჩვენ ხაზი გავუსვით არაერთ სერიოზულ გამოწვევას როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და ოდირი იზიარებს ამ შეშფოთებას.

საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ ოდირის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ბოლომდე, რომელიც მოიცავს ჩვენს შეფასებას მთელ საარჩევნო პროცესზე, მათ შორის არჩევნების დღის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე“, – აცხადებენ ეუთოში ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში..

გარდა ამისა ეუთო/ოდირში განმარტავენ, რა ფუნქციას ასრულებდა სპეციალური კოორდინატორის როლში პასკალ ალიზარდი.

ეუთოს განმარტებით,  არჩევნებზე დაკვირვებისთვის საერთაშორისო მისიაში ოდირს უერთდებიან საპარლამენტო პარტნიორები რამდენიმე სხვადასხვა ასამბლეიდან, მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ამ დროს ეუთოს თავმჯდომარე ნიშნავს სპეციალურ კოორდინატორს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციიდან, რომელიც, როგორც წესი, თავის ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკოსია. ამ შემთხვევაში კი ასეთი პასკალ ალიზარდი აღმოჩნდა, საფრანგეთის სენატის მოქმედი წევრი.

„სპეციალური კოორდინატორის როლი გულისხმობს საარჩევნო შაბათ-კვირას კოორდინაციის გაწევას საპარლამენტო პარტნიორებთან და ოდირთან. საქართველოში ჩვენ შემოგვიერთდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელმაც გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება 27 ოქტომბერს.

ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის სპეციალური კოორდინატორი და ხელმძღვანელი, ისევე როგორც საპარლამენტო დელეგაციების სხვა ხელმძღვანელები მჭიდროდ თანამშრომლობენ ოდირთან წინასწარი შეფასების საბოლოო ტექსტზე, მაგრამ ისინი არ არიან ოდირის ნაწილი და არ საუბრობენ მისი სახელით. სპეციალური კოორდინატორი არჩევნების შემდგომ პრესკონფერენციას წინასწარი შეფასების პირველი პუნქტის წარდგენით ხსნის“, – ნათქვამია ეუთოს მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.

რას ამბობდა პასკალ ალიზარდი არჩევნებზე

27 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენციაზე პასკალ ალიზარდმა განაცხადა, რომ იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე.

„სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული კამპანიის დროს. როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, ეს ადეკვატურ საფუძველს იძლეოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაგრამ ხშირი და ბოლო დროინდელი ცვლილებები ნამდვილად ბადებს ეჭვებს მისი ამ კანონმდებლობის გამოყენების მიმართ პოლიტიკური გამორჩენის მიზნით. რაც შეეხება კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადებას, ეს კარგად ადმინისტრირებული იყო“, – აცხადებდა პასკალ ალიზარდი 27 ოქტომბერს.

30 ოქტომბერს ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ალიზარდმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც დემოკრატიული. ის უფრო შორსაც წავიდა და დაამატა, რომ ასეთი არჩევნები არ შეეფერება ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა გაწევრიანება.

წერილში, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ 2 დეკემბერს გაავრცელა, პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილს „მომავალ საქმიანობასა და  თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით“ წერს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მქონდა პატივი სპეციალურ კოორდინატორად და ხელმძღვანელად მემსახურა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიისთვის, რომელიც საქართველოს უახლესი საპარლამენტო არჩევნების დროს. ხსენებულმა მისიამ საარჩევნო პროცესის დაკვირვება და შეფასება დაისახა მიზნად, რათა ხელი შეეწყო მის გამჭვირვალობასა და სანდოობას, ისე როგორც ეს მთელს ეუთო-ს რეგიონში ხდება ჩვეულებისამებრ.

სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნები წარმოაჩენდა როგორც საარჩევნო პროცესის ძლიერ მხარეებს, ისე გამოწვევებს. არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით – კარგად იყო პროცესი ორგანიზებული. ზოგადად, კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მათი რიტორიკა ძალიან დაპირისპირებული და პოლარიზებული იყო. ასევე, როგორც თქვენ შეამჩნიეთ ჩვენს ერთობლივ წინასწარ დასკვნებში, ჩვენ ასევე გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს საკითხები მოიცავდა ამომრჩეველზე ზეწოლის, ფინანსური დისბალანსის გამო შექმნილ არათანაბარ პირობებს, პარტიულ სიებში ქალთა არასაკმარის რაოდენობას და სხვა გამოწვევებს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით იყო საყურადღებო, ეხებოდა ახლად-მიღებულ კანონს და მის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენი მიგნებები, რომლებიც ყოველთვის კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული, ხაზს უსვამს ძირითადი მიმართულებების მოგვარების მნიშვნელობას, რათა გაძლიერდეს საზოგადოებრივი ნდობა და დემოკრატიული სტანდარტები.

სამომავლო პერსპექტივაში მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი სათანადო ყურადღებას მიაქცევენ ჩვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით რეფორმების დღის წესრიგისა და საზოგადოებრივი ნდობის ზრდას“, – წერს ალიზარდი 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში.

სრულად: რას წერდა ალიზარდი 2 დეკემბერს გავრცელებულ წერილში

თქვენო აღმატებულებავ,
პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მქონდა პატივი სპეციალურ კოორდინატორად და ხელმძღვანელად მემსახურა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიისთვის, რომელიც საქართველოს უახლესი საპარლამენტო არჩევნების დროს. ხსენებულმა მისიამ საარჩევნო პროცესის დაკვირვება და შეფასება დაისახა მიზნად, რათა ხელი შეეწყო მის გამჭვირვალობასა და სანდოობას, ისე როგორც ეს მთელს ეუთო-ს რეგიონში ხდება ჩვეულებისამებრ.

სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნები წარმოაჩენდა როგორც საარჩევნო პროცესის ძლიერ მხარეებს, ისე გამოწვევებს. არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით – კარგად იყო პროცესი ორგანიზებული. ზოგადად, კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მათი რიტორიკა ძალიან დაპირისპირებული და პოლარიზებული იყო. ასევე, როგორც თქვენ შეამჩნიეთ ჩვენს ერთობლივ წინასწარ დასკვნებში, ჩვენ ასევე გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს საკითხები მოიცავდა ამომრჩეველზე ზეწოლის, ფინანსური დისბალანსის გამო შექმნილ არათანაბარ პირობებს, პარტიულ სიებში ქალთა არასაკმარის რაოდენობას და სხვა გამოწვევებს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით იყო საყურადღებო, ეხებოდა ახლად-მიღებულ კანონს და მის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენი მიგნებები, რომლებიც ყოველთვის კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული, ხაზს უსვამს ძირითადი მიმართულებების მოგვარების მნიშვნელობას, რათა გაძლიერდეს საზოგადოებრივი ნდობა და დემოკრატიული სტანდარტები.

სამომავლო პერსპექტივაში მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი სათანადო ყურადღებას მიაქცევენ ჩვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით რეფორმების დღის წესრიგისა და საზოგადოებრივი ნდობის ზრდას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს კოლეგებს დეტალურად შეისწავლოთ ჩვენი წინასწარი ანგარიში პარლამენტში და მჭიდროდ ითანამშრომლოთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების სამსახურთან (ODIHR), როდესაც საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება. ხსენებული დოკუმენტი უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ანალიზსა და კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც მტკიცე საფუძველს შექმნიან ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შესაბამისი საარჩევნო რეფორმების დასასახად. ეს მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო აგრძელებს პოლიტიკურ პროცესებს და მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.

გამოვლენილი გამოწვევების ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის ჩაერთოს და დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხების გადაჭრაში. ჩვენი საერთო მიზანია თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული მმართველობა და სამართლის უზენაესობა, განვითარდეს ინსტიტუციები და შეიქმნას ინკლუზიური, გამჭვირვალე და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.

გთხოვთ მოგვმართოთ, როგორ კი მხარდაჭერა ან თანამშრომლობა დაგჭირდებათ ამ მიმართულებით. მოუთმენლად ველით გავხდეთ საქართველოს წინსვლის მოწმენი განგრძობადი დემოკრატიული მისწრაფებების კონსოლიდაციის პროცესში.

სრულად წაკითხვა