ექიმი- რეაბილიტოლოგი, რომელიც პაციენტებს ცხოვრების ხალისს უბრუნებს

3 weeks ago 29

ადამიანები ხშირად მიმართავენ სარეაბილიტაციო ცენტრებს, რაც გამოწვეულია იმ დაავადებათა რიცხვის მატებით, რომელიც არასწორი ცხოვრების ფონზე ვითარდება. რეაბილიტაცია გულისხმობს ისეთი დაავადებების მკურნალობას როგორიც არის- ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, ხერხემლის მალთა შორისი დისკების თიაქარი, ბრტყელტერფიანობა…

ჯანმრთელობის ამ პრობლემების მოგვარებაში, თავისი რვა წლიანი გამოცდილებით, ექიმი-რეაბილიტოლოგი და მანუალური თერაპევტი ბაჩო ბოჭორიშვილი დაგეხმარებათ. ინტერვიუში სწორედ, დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობის მეთოდებზე და ცხოვრების სწორ წესზე ვსაუბრობთ.

-ბაჩო, რა დაავადებებს კურნავთ და რა იწვევს იმ დაავადებებს, რის რეაბილიტაციასაც თქვენ ახდენთ?

-ზოგადად რეაბილიტაცია ძალიან ფართო დარგია. ჩემი მიმართულება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებია. ეს არის ოსტეოქონდროზი, ხერხემლის მალთა შორისი დისკების თიაქარი და ა.შ. ამ დაავადებებს ცხოვრების არასწორი წესი იწვევს.

– როგორ ვიცხოვროთ სწორად, როგორ გავუფრთხილდეთ ძვალ სახსროვან სისტემას? რა უყვარს და რა არ უყვარს ხერხემალს?

– ხერხემლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშია, რომლის დროსაც ხერხემლის სახსრები და მალთა შორისი დისკები იკვებება. ასევე მნიშვნელოვანია დილის რეჟიმი, კვების და წყლის ბალანსი. ჩვენი საკვები რაციონი დიდი რაოდენობის ბოსტნეულით, სუფთა ცილოვანი და ნახშირწყლოვანი პროდუქტებით უნდა იყოს გაჯერებული. არ უნდა მივიღოთ სწრაფი ნახშირწყლები, როგორიც არის შაქარი, ტკბილეული, გაზიანი სასმელები. ხშირად წელის ტკივილს სწორედ ნაწლავები იწვევს. ნაწლავები დაახლოებით გულ-მკერდის და წელის მალების დონეზე არის და ამ დროს, როცა ადამიანი არასწორად იკვებება, წარმოიშობა შებერილობა, რომელმაც შესაძლოა ტკივილი გამოიწვიოს წელის არეში. ამიტომაც ექცევა სწორ კვებას მნიშვნელობა.

– რა ჩივილების მქონე პაციენტებმა უნდა მოგმართონ?

– საყრდენ -მამოძრავებელი სისტემის ტკივილები სადაც არის, მაგალითად, მუხლისა და მხრის სახსარში, კისრის, ხერხემლის, წელის ტკივილის დროს, რომელიც ფეხს გადაეცემა, თავის ტკივილების, თავბრუსხვევების დროს, რომელიც ნაწილობრივ ხერხემალთან არის დაკავშირებული. ყველაზე ხშირი მომართვიანობა წელის ტკივილის ჩივილებით არის, რაც ცხოვრების პასიურმა წესმა გამოიწვია. კოვიდის შემდგომმა პერიოდმა კიდევ გაართულა მდგომარეობა, ადამიანი უფრო პასიური გახდა. ზოგადად წელი ისეთი სეგმენტია, სადაც ხერხემლის ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის. ამიტომაც წელის ტკივილი ნომერ პირველია მომართვიანობის თვალსაზრისით.

– როგორია და რას მოიცავს თქვენი მკურნალობის მეთოდი?

– ჩემი მკურნალობის მეთოდი მანუალური თერაპიაა. რომელიც ხალხის წარმოდგენაში რთულ ილეთებს მოიცავს. ინტერნეტში დევს ვიდეოები, სადაც ძვლების გატკაცუნებას აკეთებენ, რაც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მანუალური თერაპიის, ამიტომ მხოლოდ ამის მიხედვით ნუ იმსჯელებთ თერაპიის სირთულეზე. მანუალურ თერაპიაში შედის, როგორც რბილ ქსოვილებზე მუშაობა, ისე ძვლებსა და სახსრებზე. მასაჟი, გაჭიმვები, ვარჯიშები. ასევე ვიყენებ სხვადასხვა ფიზიოთერაპიულ აპარატურას, ძალიან შედეგიანია დარტყმით ტალღოვანი თერაპია.

– რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, უყურადღებობამ, ტკივილის მოთმენამ და მუდმივად ტკივილგამაყუჩებლით ცხოვრებამ?

– ტკივილგამაყუჩებლის მუდმივად მიღებამ, შესაძლოა კუნთების მოდუნება გამოიწვიოს. შეიძლება ტკივილს ვერ ვგრძნობდეთ, მაგრამ ოსტეოქონდროზის პროცესი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდეს. ტკივილგამაყუჩებლის ეფექტის გავლის შემდეგ, შეიძლება ეს მდგომარეობა ძალიან რთულად დაბრუნდეს. სავალალო შედეგი, რაც შეიძლება უყურადღებობით დადგეს, ეს არის კუნთების ატროფია, რამაც შეიძლება ადამიანი ინვალიდად აქციოს. ამიტომ ნებისმიერი ტკივილი, უმნიშვნელოც კი, საყურადღებოა. ტკივილის წარმოქმნისთანავე სჯობს პირდაპირ სპეციალისტს მიმართოთ.

– რას ეტყვით და რას პირდებით იმ ადამიანებს, რომლებიც უშედეგო მკურნალობის მსხვერპლნი არიან და იმედი აქვთ გადაწურული, ან იმ ადამიანებს, რომლებიც ჩივიან რომ მკურნალობა დაგვიანებულია. თქვენთან ნებისმიერი ხანგრძლივობის ტკივილით მოსული ადამიანი მიიღებს შედეგს?

– რეაბილიტაციით მკურნალობა ეს არის გამომწვევ მიზეზებზე მკურნალობა, რომელიც ყველა პაციენტმა, ვისაც ხერხემალი აწუხებს, აუცილებლად უნდა სცადოს. ყველაფერი დანარჩენი, რასაც სხვადასხვა სპეციალისტები ნიშნავენ, ეს არის სიმპტომატიკური მკურნალობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში შედეგი არ მოაქვს. არ არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომელიც ხერხემალს განკურნავს. მაგალითად, ხშირად მიდიან ნერვოლოგებთან, რომელიც პირდაპირ მაგნიტო რეზონანსულ კვლევას ნიშნავს, სადაც შეიძლება თიაქრები და სხვადასხვა ასაკობრივი ცვლილებები გამოჩნდეს. ტკივილის გამომწვევი მიზეზი არ შეიძლება მხოლოდ თიაქარი იყოს. შეიძლება საქმე კუნთოვანი კვანძების არსებობასთან გვქონდეს, რომელიც არანაირ მედიკამენტოზურ ჩარევას არ ექვემდებარება. მხოლოდ და მხოლოდ ღრმა ქსოვილების მასაჟით და მანუალური თერაპიით იხსნება. რაც შეეხება შედეგს, ყველა ადამიანი მაინც ინდივიდუალურია. როგორც შეიძლება ორმა სხვადასხვა ადამიანმა ერთიდაიგივე მედიკამენტი მიიღოს, მაგრამ ერთზე იმოქმედოს და მეორეზე არა. შეიძლება აქაც ასე მოხდეს, მაგრამ 90 % -ის შემთხვევაში, მკურნალობას ექვემდებარება.

– რამდენად შესაძლებელია თქვენი მკურნალობის მეთოდებით, ოპერაცული ჩარევის გარეშე, ხერხემლის თიაქარის განკურნება? და რას გვეტყვით ბრტყელტერფიანობაზე, რამდენად ექვემდებარება ეს პრობლემა განკურნებას?

-ხშირ შემთხვევაში ოპერაცია საერთოდ არ არის საჭირო, ეს მდგომარეობები რეაბილიტაციას ექვემდებარება. მთავარია ზუსტად ვიპოვოთ გამომწვევი მიზეზები. ბრტყელტერფიანობის პრობლემას რაც შეეხება, ტერფის ფორმირება ხდება თოთხმეტი წლის ასაკამდე, ამის შემდეგ მკურნალობას უკვე აზრი აღარ აქვს.

– რა ასაკიდან იღებთ პაციენტებს და რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებში როცა ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესშია მათი ძვალსახსროვანი სისტემა?

– ადრე ბავშვებთანაც ვმუშაობდი, მაგრამ ახლა პაციენტებს ჩვიდმეტ წელს ზემოთ ვიღებ. ბავშვებში რაც გათვალისწინებული უნდა იქნას არის ის, რომ თუ ბავშვი მაგალითად სკოლის მოსწავლეა და ძირითად დროს დამჯდარ მდგომარეობაში ატარებს, შესაბამისად ეს პასიური მდგომარეობა უკვე განმაპირობებელია იმის, რომ ხერხემალმა დეფორმაცია დაიწყოს.

დაახლოებით სამი წლის წინ, სხვა პროფესორებთან ერთად, ერთი სკოლის სამასი ბავშვი გავსინჯეთ, ამ სამასი ბავშვიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც ხერხემლის დეფორმაცია არ ჰქონდა მიღებული. ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ სწორ ჯდომას, სკოლის შემდეგ, ბავშვი აუცილებლად უნდა დაიტვირთოს ვარჯიშით, ეს პასიური მდგომარეობა რომ რაღაცით კომპენსირდეს.

– აღსანიშნავი და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თქვენთან კონსულტაცია უფასოა. დაახლოებით რამდენი პროცედურაა საჭირო სასურველი შედეგი რომ დადგეს და რა არის ერთი პროცედურის ფასი?

– დიახ, ჩვენთან კონსულტაცია უფასოა. პროცედურის ხანგრძლვობა და რაოდენობაც დაავადების სირთულეზეა დამოკიდებული. ზოგს შეიძლება ხუთი დასჭირდეს, ზოგს ათი. ერთი პროცედურის ღირებულება ჩვენს ცენტრში სამოცი ლარია. თვითონ პროცედურა საშუალოდ ორმოც წუთიანია.

– რამდენად უწყობს ხერხემლის გამრუდებას ხელს კომპიუტერთან დიდხანს გატარებული დრო და რა უნდა გავაკეთოდ იმისათვის, რომ ამ პრობლემამ არ შეგვაწუხოს?

– ვისაც ასეთი პასიური სამსახური გაქვთ და მუდმივად ჯდომა გიწევთ, ამის პარალელურად აუცილებლად უნდა ვარჯიშობდეთ. სხვა შემთხვევაში მალების ერთმანეთზე დაჯენა და მალთაშორის დისკების დაზიანება დაიწყება, რაც შემდგომ ამ მდგომარეობას განაპირობებს.

ჩვენს ცენტრში არის სარეაბილიტაციო ტრენაჟორები და სარეაბილიტაციო ვარჯიშები. ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ, დაახლოებით ორი კურსი მაინც უნდა გაიაროს პაციენტმა. ჩვენ ვასწავლით რა დროს რა ვარჯიშები უნდა გააკეთოს(გააჩნია რა აწუხებს), რომ მდგომარეობა გაიუმჯობესოს. ამის შემდეგ უკვე თავად შეძლებს დამოუკიდებლად ვარჯიშს. ვისაც ქრონიკული, მწვავე ტკივილები აქვს, ჩემი როლი იმაში მდგომარეობს რომ ამ მწვავე მდგომარეობიდან გამოვიყვანო და იქამდე მივიყვანო რომ თვითონ შეძლოს ვარჯიში. მწვავე მდგომარეობით პირდაპირ ვარჯიშის დაწყება არ შეიძლება. უნდა მოიხსნას ყველა ის გამომწვევი მიზეზი, რაც ტკივილს განაპირობებს.

– ბევრი თქვენი მადლიერი პაციენტის გამოხმაურება ვნახე კლინიკის ფეისბუქ გვერდზე. რომლებიც თქვენს პროფესიონალიზმს ამგვარი ეპითეტებით აღნიშნავენ – „ჩემო მხსნელო“, „ოქროს ხელება“… რას ნიშნავს ეს უკუკავშირები თქვენთვის?

– ყოველთვის მინდოდა ადამიანებს დავხმარებოდი, ეს პროფესიაც ამიტომ ავირჩიე. როდესაც ადამიანი ჩემთან ჩივილებით, წუხილით, ქრონიკული ტკივილით მოდის და მე ამ დროს შემიძლია დავეხმარო და ცხოვრების ხალისი დავუბრუნო ეს ძალიან მახარებს. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება განკურნებული და მადლიერი პაციენტია.

– როგორც გავიგე, წარსულში მუსიკოსი იყავით და ერთ-ერთ ბენდში უკრავდით. უფრო დაწვრილებით რომ გვითხრათ, რა ჯგუფი იყო ეს და რა ინსტრუმენტზე უკრავთ?

-კი, ეს იყო სტუდენტობის დროს. ჯგუფ „ლილიან“-ის სოლო გიტარისტი ვიყავი, როკ ალტერნატივას ვუკრავდით. შემდეგ მოუცლელობის გამო დავიშალეთ, მუსიკის დრო უკვე აღარ გვქონდა, ყველამ თავისი პროფესიით გააგრძელა მუშაობა. დაკვრა თავიდან ფორტეპიანოზე დავიწყე, შემდეგ ნელ-ნელა გიტარამ გამიტაცა. მე თვითონ ვისწავლე გიტარაზე დაკვრა. მუსიკას დიდი სიმშვიდე მოაქვს, ყოველდღიური ცხოვრება იმდენად სტრესულია, ყველამ ისეთი რაღაც უნდა აკეთოს რაც სტრესს მოუხსნის. ჩემთვის სტრესისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალება მუსიკაა. ვუსმენ ბლუზს და ჯაზს. ალბათ რომ არა ექიმი- რეაბილიტოლოგი, მუსიკოსი ვიქნებოდი, იმდენად ვარ დაკავშირებული მუსიკასთან.

-კიდევ რა ინტერესები და ჰობი გაქვთ, რაშიც თავისუფალი დრო გაგყავთ?

-წლებია სპორტულ თევზაობაში აქტიურად ვარ ჩართული. ბრაკონიერობასთან ბრძოლა ძალიან პრობლემატური საკითხია, ისეთი მდინარეები, რომლებიც განადგურდა, იმის გათევზიანებაში და ისევ გაცოცხლებაში ვიღებ მონაწილეობას. სათევზაოდ ძირითადად მთის მდინარეებზე დავდივარ, კალმახზე ვთევზაობ. თევზიც მიყვარს, მაგრამ ჩემთვის აზარტული და მიმზიდველი უფრო თევზაობის პროცესია.

-თქვენი სამომავლო გეგმები.

-სამომავლო, გრძელვადიან გეგმებს არ ვისახავ. რა გეგმა და იდეაც თავში მომივა იმას უცებ ვაკეთებ ხოლმე.

ავტორი: ნინო გონგაძე

ბაჩო ბოჭორიშვილთან კონსულტაცია, ან მკურნალობის კურსი შეგიძლიათ გაიაროთ კლინიკა „მედსაიდში“, გლდანი, აკაკი ვასაძის 2 ა.

ინდივიდუალური პროცედურებისთვის, ბაჩო ბოჭორიშვილს დაურეკეთ ნომერზე: 555 42 77 55

სრულად წაკითხვა