„თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი გამოცდილება გავაზიარო, ვაიდა, ვინმე აღმოჩნდეს ჩემნაირად ჯოჯოხეთური პრობლემის წინაშე, როცა ჰაერივით მჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც მსგავსი გამოცდილება ექნებოდა, მაგრამ ვერსად მივაგენი“, – წერს სოციალურ ქსელში სონა კალანდაძე, რომელიც საოცარ ამბავს ყვება ცოცხალ პარაზიტზე, რომელიც მის სხეულში ცხოვრობდა.
„ქვეყანაში ყველა სტრუქტურა რომ მორღვეულია, ეგ ხომ ვიცით, ახლა მინდა, კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს სისტემურ პრობლემაზე მოვყვე, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე.
ყველაფერი დაწყო 26 დეკემბერს, როცა თვალზე (მარცხენა თვალის გარე კუთხეში) ხელის შეხების დროს ვიგრძენი ტკივილი, სარკეში ჩახედვის შემდეგ დავინახე შეშუპებული თვალი, პატარა ამობურცული ზედაპირით. ჩავთვალე, რომ რაღაც ინფექცია იყო და რამდენიმე დღეში გაივლიდა და აღარც მიმიქცევია ყურადღება, დისკომფორტს ვგრძნობდი მხოლოდ მაშინ, როცა იმ ადგილს ვეხებოდი.
1 იანვარს დილით წვა ვიგრძენი იმავე თვალის შიდა კუთხეში. სარკეში ჩახედვის შემდეგ დავინახე საცრემლე არხთან ნორმაზე მეტად ამობერილი კაპილარი. დავიწყე დაკვირვება და მზერა გადავიტანე გარე კუთხესთან, სადაც 4 დღით ადრე აღმოვაჩინე შეშუპება და ამობურცული ადგილი. იქ აღარაფერი დამხვდა და მივხვდი, რომ თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა…
დავრეკე ჩემს მეგობართან და მისმა დედამ, გაამყარა ჩემი ეჭვი და მითხრა, რომ ჩემს თვალში იმყოფებოდა პარაზიტი. აქედან უკვე დაიწყო მოჯადოებულ წრეზე სიარული. დავრეკე პარაზიტოლოგიის ცენტრში და ჩემი მდგომარეობა მოვყევი და ვითხოვე დახმარება, პასუხი: „მე მორიგე ექიმი ვარ და ვერ დაგეხმარებით, კლინიკა დაკეტილი 3 იანვრამდე“. დავრეკე რამდენიმე დიდ კლინიკაში და ვიკითხე, დღეს მუშაობდა თუ არა პარაზიტოლოგი, პასუხი იყო, არა.
დავრეკე 112-ში:
– გამარჯობა, თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ კლინიკა, რომელიც დღეს არის ღია და ჰყავს პარაზიტოლოგი?
– იცით, ჩვენ არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, გადაამოწმეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე.
დავრეკე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე:
– გამარჯობა, თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ კლინიკა, რომელიც დღეს არის ღია და ჰყავს პარაზიტოლოგი?
– იცით, ჩვენ არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, დარეკეთ 112 – ზე…
ამასობაში ჩემს თვალის არეალში მოსეირნე გაურკვეველი არსება გაუჩინარდა, მაგრამ იქამდე მტკიცებულებების სახით გადავიღე ფოტოები. მოვუყევი ეს ჩემი ჯოჯოხეთური ამბავი ჩემს მეგობარს, რომელიც ბოლო წამამდე ჩემს გვერდზე იდგა, იჯდა და იწვა, მადლობა მას და მის მთელ ოჯახს, რომელმაც ჩემთან ერთად გამოიარა უმძიმესი დღეები. ასევე ნინომ (მეგობრის დედა) დამაკავშშირა პარაზიტოლოგ მარინა ხვედელიანთან.
გაუჩინარდა პარაზიტი, თან დაღამდა პირველი იანვარი, ბედს შევეგუე, დამამშვიდებელი დავლიე და დავიძინე.
გავიღვიძე, სარკე საწოლთან მაქვს, ვიხედები და თვალზე ნამდვილად მხოლოდ ჩემი კაპილარებია, მააააგრამ, მტკივა საფეთქელი და ვხვდები რომ „ის” იქ არის.
ვრეკავ პარაზიტოლოგთან, მარინა ხვედელიანთან, ვუყვები ჩემს მდგომარეობას. მადლობა მას მოსმენისთვის და პარაზიტზე სწორი ინფორმაციის მოწოდებისთვის. გავიგე, რომ შარშან იგივე პარაზიტი ჰყავდა ერთ გოგოს და მე ვარ მეორე შემთხვევა. მეკითხება, ვიყავი თუ არა საზღვარგარეთ 1 წლის მანძილზე, არა, არ ვყოფილვარ. მდაააა,
პარაზიტი სახელად – Dirofilaria
ვიწყებ ინფორმაციის მოძიებას და ვიგებ, რომ პარაზიტის თავდაპირველი საცხოვრებელი არეალი არის თვალი, თვალის მიმდებარე სივრცე. ვიგებ, რომ გადაადგილდება სხეულში და არის შესაძლებელი, შეაღწიოს თვალის სკლერაში, თავის ტვინში, გულში, ფილტვებში. ვნერვიულობ, ამასობაში ზედაპირზე ვერ ვხედავ, მაგრამ საფეთქელიდან ტკივილს და მოძრაობას ვგრძნობ შუბლისკენ, შუბლიდან წარბისკენ და ვრეკავ სასწრაფოში, ვპასუხობ სავალდებულო კითხვებზე და ვეუბნები, რომ ჩემით ვერ მივაგენი ვერც ერთ კლინიკას, სადაც ეყოლებათ პარაზიტოლოგო, ამიტომ მჭირდება სასწრაფო, რომელიც გადამიყვანს შესაბამის კლინიკაში, პარაზიტოლოგიის ცენტრი არის 3 იანვრამდე დაკეტილი და არ მინდა დროის დაკარგვა.
ველოდები სასწრაფოს, მოდის ექიმი მოპედით და დამამშიდებლით, რომელსაც ალბათ უთხრეს, რომ ამ მისამართზე უნდა მივიდეს ახალგაზრდა ქალთან, რომელიც არ არის ფხიზელი ან აქვს ნერვული შეტევა.
მეკითხება რა ხდება და მე ვიწყებ თავიდან, ვაჩვენებ სურათებს, რომლებიც წინა დღეს გადავიღე, ვუყვები ყველა მოძიებლ ინფორმაციას და მიჯერებს. არ ვიცი მისი სახელი და გვარი, მადლობა მას მოსმენისთვის და კეთილსინდისიერებისთვის.
გამოიძახა მეორე სასწრაფო და მოითხოვა ჩემი კლინიკაში გადაყვანა. გადამიყვანეს კავკასიის მედიცინის ცენტრში, მიმიღო ოფთალმოლოგმა, რადგან ვგრძნობ, რომ პარაზიტი არის წარბში, მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირულად არ ჩანს, ექიმი, რომლის სახელი ასევე არ ვიცი, შეხებით მიდასტურებს, რომ კი, პარაზიტი წარბთან არის, გაგებული აქვს მასზე ინფრომაცია, მაგრამ ვერ ამოიყვანს, მიზეზი _ მეშინია „შრამი“ არ დაგრჩესო.
ვუხსნი, რომ „შრამი“ არ მადარდებს, მეშინია, რომ რომელიმე ორგანოში არ გადავიდეს და საერთოდაც არ მინდა, ჩემს სახეზე გვირაბები გაჰყავდეს რაღაც პარაზიტს, არსაიდან ხსნა და მიშვებენ კლინიკიდან, მეუბნებიან, რომ დღესაც უნდა დავიძინო მშვიდად, რომ ეს პარაზიტი კი დადის სახეზე, რომელსაც ვხედავ, ვგრძნობ და ყველა გადაადგილება მტკივა, მაგრამ ასე მალე ვერ შევა ტვინში.
მივდივარ სახლში და ამასობაში პარაზიტი წარბიდან გამოდის და ჩადის სადღაც სიღმეში, სადღაც თვალის უკან, მე ვნერვიულობ, ბედს ვეგუები და იმ იმედით, რომ მალე გათენდება და ხვალ მეშველება, ვსვამ დამამშვიდებელს და ვცდილობ, ადრე დავიძინო, რომ მალე გათენდეს.
გაღვიძებიდან 1 საათში ახლა უკვე ქვედა ქუთუთოზე ზედაპირზე ამოდის პარაზიტი – უკვე სახელი დავარვით – ჭიაკო, რომელიც ჩემი გამოთვლით 5 სანტიმეტრის სიგრძის არის.
მე, დედა და ნინო მივდივართ პარაზიტოლოგიის ცენტრში, ძლივს გაიხსნა. გვეუბნებიან, რომ იქ ვერ ამოიყვანენ, უნდა მივიდე ოფთალმოლოგთან. გადამამისამართეს „ნიუ ჰოსპიტალში“ ოფთალმოლოგ ილონა ჭაფანძესთან.
გზაში ჭიაკო მთელი თავისი დიდებულებით ამოვიდა ზედაპირზე, კანქვეშ, მაგრამ კარგად ჩანს, ვჩქარობ, ვიცი, ცოტა დრო მაქვს, მალე შეიძლება ისევ გაუჩინარდეს, ჩამითრია ბიუროკრატიის მორევმა და ჭიაკო ისევ სიღმეში ჩადის. მოვიდა ჩემი რიგი, ილონა მიხსნის, რომ ადგილობრივი გამაყუჩებელი თუ გამიკეთდება, შეიძლება შეშუპდეს და ვეღარ დაინახავს პარაზიტს. ვთანხმდები, ისე მოხდეს ქუთუთოს გაჭრა და ამოყვანა.
იწყება არასასიამოვნო პროცედურა და ჰოპ, ჭიაკო გაგვექცა, წავიდა ისევ სიღრმეში. ჯერ დილაა, მაგრამ ვხვდები, ამ ჭიაკოს მოხელთება ურთულესი ამბავია და იმედს ვკარგავ, რომ დღეს მეშველება, მაგრამ კლინიკიდან არ მივდივარ, ვჯდები და ველოდები. როცა იქნება, ისევ ამოვა.
5 საათის მერე გადავწყვიტე, წამოვიდე სახლში, ვჭამო დავისვენო და როცა ამოსვლას დაიწყებს, დავბრუნდე კლინიკაში. მოვედი სახლში, დასვენება ვერ მოვასწარი, დაიწყო ამოსვლა ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც დავკარგეთ მისი კვალი. ვბრუნდები კლინიკაში, საღამოს 7 საათია. ვგრძნობ მოძრაობას, მაგრამ ჯერ ზედაპირზე არ ჩანს. სკამზე ჯდომაში და ლოდინში დაღამდა. ჭიაკო, მგონი, დათრგუნულია და აღარ ამოდის ზედაპირზე, შეკუმშული არის ყვრიმალის ძვალთან, ვიცით, რომ ეგაა, მაგრამ არ მოძრაობს, როგორც სხვა დროს. ვფიქრობთ, ღირს თუ არა ახლა მეორე ადგილას გაჭრა, სახეა მაინც.
ილონა მეუბნება, რომ ვცადოთ, გამაყუჩებელს გამიკეთებს და ღრმად გაჭრის და ვიპოვით. მერე ისევ კითხვის ნიშანი, ისევ რომ გაგვექცეს და დარჩეს დიდი ჭრილობა? გადავიფიქრეთ და ღამის 4 საათზე წამოვედი სახლში იმ პირობით, რომ დილით ისევ დავბრუნდები კლინიკაში. უკვე დარწმუნებული ვარ, სხვა არც ერთი ექიმის ნახვა აღარ მინდა, არც თურქეთში წასვლა. ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე მეტად ექიმებში ილონას უნდა პარაზიტის ამოყვანა ჩემი სახიდან. მივდივარ სახლში, მეც დავისვენებ ცოტას და ილონამაც დაისვენოს. ვიცი, რომ 10-ზე ცვლა უმთავრდება, მაგრამ ჩემთან ერთად ელოდება პარაზიტს, ზედაპირზე რომ ამოვიდეს… ჭიაკო იმალება ნაწილობრივ. დავლიე დამამშვიდებელი და დავიძინეთ.
08:00 ჭიაკო გაუჩინარებულია, მაგრამ როგორც წინა დღეების პრაქტიკა გვიჩვენებს, მალე ამოვა ზედაპირზე, თუნდაც ნაწილობრივ ამოვიდეს, მე და ილონა შევთანხმდით, რომ ღრმად გაჭრის და ვიპოვით აუცილებლად. ვენდობი.
ჭიაკო არსად ჩანს.
მე და დედა შეგვიყვანეს პალატაში, მეუბნებიან, რომ უნდა დავიძინო, როცა მოვდუნდები, იქნებ ამოვიდეს. გადაღლილი ვარ ემოციურადაც და ფიზიკურადაც, უკვე დამამშვიდებლის გარეშე ვიძინებ, მაინც არ ჩანს. უკვე განგაშის ზარია, არ ვიცით, სად არის, ამდენი საათი არ გასულა ზედაპირზე ამოსვლის გარეშე.
ნინო და ჩემი ძმა გეგმავენ ჩემს წაყვანას თურქეთში. დედაჩემს ხმა აქვს ჩავარდნილი, ჩემი მთელი ოჯახი უკვე პანიკაშია, მე კიდევ მახსენდება პირველი იანვრის დილა, როცა რამდენიმე საათი ზედაპირზე იყო ჭიაკო, ვითხოვდი დახმარებას. 2 იანვარი – კავკასიის მედიცინის ცენტრში ოფთალმოლოგს რომ ვთხოვე, ამოიყვანეთ ეს საზიზღრობა ჩემი წარბიდან-მეთქი.
ვცდილობ სიმშვიდის შენარჩუნებას დაა, მგონი, გამოდის, კი, ამოდის ზემოთ! დედაჩემს ვეუბნები, ექთნები გააფრთხილოს, ვრეკავ ილონასთან. ამოდის!
და მორჩა, ვცდილობ, ზედმეტი მოძრაობა არ გავაკეთო, არ მინდა, რამე შეიცვალოს ორგანიზმში, მინდა, რომ ჭიაკო მშვიდად ამოვიდეს და ვერ მიხვდეს, რომ ჩასაფრებული ვარ. ემოციები უნდა ვაკონტროლო, ტემპერატუა არ უნდა შეიცვალოს ორგანიზმში, არც წნევა.
ცოტა ხანი და ისევ იწყებს უკან ჩასვლას, ვცდილობ, პანიკამ არ მომიცვას. მოვახერხებთ. ამჯერად გამოვიჭერთ. ილონა მოდის და გავდივართ საოპერაციო ოთახში. მეუბნება, რომ სჯობს, გმაყუჩებელი არ გაკეთდეს, დრო რომ არ დაიკარგოს და ისევ არ გაგვექცეს, თანახმა ვარ ყველაფერზე, მთავარია, მომაშორონ.
სართულზე ვინც იყო, ყველა შემოსულია საოპერაციოში, არავის აქვს ნანახი მსგავსი რამ და ზოგს მაინც არ სჯერა, რომ ეს სიგიჟე რეალური ამბავია.
ილონამ შეძლო! პარაზიტი – Dirofilaria – სხეულიდან იქნა ამოღებული 4 იანვარს, საღამოს 6-ის ნახევარზე. ცოცხალი და უვნებელი. ზომა – 5,5 სანტიმეტრის სიგრძის, დედალი. როგორც წესი, ადამიანის სხეულში ვერ მრავლდება. ამ ზომის პარაზიტის ასაკი დაახლოებით 1-1,5 თვეა. ადამიანის ორგანიზმში იზრდება დაახლოებით 20 სანტიმეტრამდე…
ადამიანებო, მოუსმინეთ თქვენს გონებას და სხეულს, რამდენიც უნდა გიმტკიცონ, რომ რაღაც გეჩვენებათ, რომ ცდებით, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის. პოსტს დავურთავ თვალსაჩინოებისთვის ვიდეოს და რამდენიმე სურათს. ჩემი სურვილია, რომ პოსტი გავრცელდეს და ვინმეს თუ რამე კითხვა ექნება, ასევე შეუძლია პირადში მოწერა, – დაწერს სონა კალანდაძემ და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მის გვერდით იყვნენ. განსაკუთრებულ მადლობას კი ოფთალმოლოგ ილონა ჭაფანძეს უხდის.
ფოტოზე ჩანს, ექიმს როგორ ამოჰყავს პარაზიტი