კითხვის დრო: 3 წთ.
ტაო-კლარჯეთში მდებარე იშხნის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარზე ვანდალიზმი ხორციელდება.
ეკატერინე ლომიძე:
“დავბრუნდი ტაო-კლარჯეთიდან. გრძელი გზით და სიცხით დაღლილი და ჩვენი უმეცრებით შეცბუნებული.
ფოტოებზე ასახულია იშხნის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი, რომლის კედლები სანთლებით გაუშავებიათ ქართველ მომლოცველებს.
ხელოვნური ინტელქტის ხანაში შეგიძლიათ ნებისმიერ ასეთ პროგრამას ჰკითხოთ და გიპასუხებთ, რომ მსგავსი საქციელი შეიძლება შეფასდეს, როგორც ვანდალიზმი.
ცნობისთვის: სანთლის დნობისას გამოყოფილი ნამწვი, ჭვარტლი და პარაფინი უსერიოზულეს პრობლემებს ქმნის, თუნდაც სანთელი ფრესკაზე კი არა, მოჩუქურთმებულ ან თლილ ქვაზე იყოს მიკრული.
ტაო-კლარჯეთის ტაძრები ნაშენია სხვადასხვა ტიპის ნათალი ქვით (მათ შორის ფოროვანი ოლთისის ქვით, ტუფითა და კირქვით). ქვა სუნთქავს და მასში ტენიანობის ბუნებრივი ცირკულაცია ხდება.
მიმდნარი ცვილის ფენა ახშობს ქვის ფორებს. შედეგად, ქვაში გამომწყვდეული ტენი ზამთარში იყინება, ფართოვდება და იწვევს ქვის ზედაპირის დასკდომასა და ფხვნას (ე.წ. „ქვის დაავადებას“).

ათეულობით სანთლის ერთდროულად ანთება ქმნის ჭვარტლის სქელ ფენას, რომელიც ნელ-ნელა ფარავს უნიკალურ რელიეფებსა და ორნამენტებს. გარდა ამისა, კედლებზე დარჩენილი მუქი, ცხიმიანი ლაქები ამახინჯებს ძეგლის პირვანდელ სახეს, რომლის გასუფთავებაც პროფესიონალური რესტავრაციის გარეშე შეუძლებელია.
სამწუხაროა, თუ მომლოცველს ჰგონია, რომ ამით პატივს მიაგებს სიწმინდეს, რეალურად კი ანადგურებს მას. იშხანში, სადაც ბოლო წლებში სერიოზული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა, კედლების ამგვარი დაბინძურება წყალში ყრის სპეციალისტების მრავალწლიან შრომას.
სამწუხაროდ, ვინაიდან ეს ძეგლები საქართველოს იურისდიქციის მიღმაა და იქ მუდმივი მეთვალყურეები (ან თუნდაც საინფორმაციო აბრები, რომლებიც მომსვლელებს ამას აუკრძალავდა) არ არსებობს, ერთადერთი გზა ცნობიერების ამაღლებაა – თუნდაც გიდების, საექსკურსიო ჯგუფების ორგანიზატორებისა და კულტურული პორტალების მხრიდან, რომ მკაცრად გააფრთხილონ ყოველი მიმსვლელი: ტაძარში სანთლის დანთება შეიძლება მხოლოდ სპეციალურ სასანთლეში (თუ ის იქ არის) ან საერთოდ უნდა გამოირიცხოს კედლებთან მისი მიკარება.
ამ პრობლემაზე წერდა გოგა ჩანადირი და ადგილზე იმაზე მძიმე სიტუაცია დამხვდა, ვიდრე გოგას ტკივილიანი მოწოდების შედეგად წარმომედგინა.
დაფიქრდით ხალხო, დაფიქრდით!
ხელში რომ დაიჭიროთ ანთებული სანთელი, ან სახლში დაანთოთ, ღმერთი არ შეგიწირავთ? ნუთუ გგონიათ, რომ რწმენის გამოსახატავად მავნებლობაა საჭიროა?
ტაძრისა და ფრესკის გადარჩენა გაცილებით დიდი ქრისტიანული და ეროვნული საქმეა, ვიდრე მის კედელზე სანთლის მიკრობა.
პ.ს. ხო, ღვინოს რომ დალევ, ბოთლი, იგივე ნარჩენი, ტაძრის ფასადზე არ უნდა დატოვო, ნაგვის ურნაში უნდა ჩააგდო. ერთ-ერთ ფოტოზე სწორედ ღვინის ბოთლს ხედავთ ათსაუკუნოვანი კედლის ფონზე.”


22 hours ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·