“ვარდების რევოლუციასთან” დაკავშირებით საუბრობს მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე – კონკრეტული ფაქტებით და მინიშნებებით:
“ვისზეც რეალური გავლენა ჰქონდა რუსეთს და ვინც მართლაც წაიყვანა იგორ ივანოვმა მოსკოვში 2004 წლის 6 მაისს, ეს მათივე სამხრეებიანი აგენტი ასლან აბაშიძე იყო. სულ ცოტა ხნის წასულები იყვნენ, როცა ხალხთან ერთად შევედით მათ მიერ მიტოვებულ რეზიდენციაში. ჩამოაკითხეს და გააქციეს, სწრაფად და ფაციფუცით. აჭარის დაბრუნება კი მოჰყვა “ვარდების რევოლუციას”, რომელიც წმინდა ქართული რევოლუცია იყო – სწორედ ქართული! – ქართული საზოგადოების პასუხი წარსულზე, რომელიც მომავლის შენების იდეით იყო მოტივირებული.
მახსოვს, აშშ-ს მაშინდელი ელჩი მაილსი მართლაც არ იყო აღტაცებული ედუარდ შევარდნაძის წასვლით (რომელიც მისთვის მხოლოდ პოლიტიკოსი იყო, ჩვენთვის კი – ბნელი ეპოქის სიმბოლოც), მაგრამ დასავლურ მედიაში და უპირველესად CNN-ზე კლიპად ტრიალებდა “ვარდების რევოლუცია” და მას ჯერ სწორედ ქართული რევოლუცია – Georgian Revolution – ერქვა, მერე კი, ნათია ზამბახიძის უცაბედი წამოცდენით, “ვარდების რევოლუცია” ეწოდა. დღეს ამ რევოლუციის მემკვიდრეობას ებრძვის “ქართული ოცნება” – მოდერნიზაციის იმგვარ ანტირუსულ გამოცდილებას, რომელზეც ევროპული სახელმწიფო უნდა დაშენებულიყო.
“ვარდების რევოლუცია” შეწყვეტილი ეროვნული მოძრაობის ლოგიკური გაგრძელება იყო და დარწმუნებული ვარ, გაგრძელებას ახლანდელი რევანშისტული წყვეტის მერეც ჰპოვებს“, – წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა