ვახტანგ ჭაბუკიანი: „დიდი ტკივილი მომაყენეს, მითხრეს, რომ დავბერდი და თეატრიდან უნდა წავიდე”

1 month ago 21

 „დიდი ტკივილი მომაყენეს, მითხრეს, რომ დავბერდი და თეატრიდან უნდა წავიდე"„სარკე“, თეონა კენჭიაშვილი

“იმის თქმა, რომ ვახტანგ ჭაბუკიანს მთელი თბილისი კრძალავდა, არაფრის თქმას ნიშნავს. ქალაქის ცენტრში მიმოსვლა გადაკეტილი იყო. სასახლე ოპერის თეატრის სცენაზე იდგა, ის არ ჩანდა ყვავილების, გვირგვინებისა და თაიგულების მთის ქვეშ. კუბო საფლავამდე ხელით მიიტანეს – რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პანთეონამდე და ხალხით გაჭედილი ციცაბო ვიწრო ბილიკი ნელა მოძრავ ლავას ჰგავდა, მხოლოდ ლავა მიედინებოდა არა ქვევით, არამედ ფიზიკის კანონების საწინააღმდეგოდ – ზევით”, – ასე იხსენებდა ბალერინა ქეთევან ნადარეიშვილი ცეკვის ჯადოქრის, ვახტანგ ჭაბუკიანის, დაკრძალვას.

ბალეტის ლეგენდა, ვახტანგ ჭაბუკიანი, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეები ხან გრიგალს, ქარიშხალს ადარებდნენ, ხან კავკასიის “მიჯაჭვულ პრომეთეს” ეძახდნენ, 31 წლის წინ, 1992 წლის 6 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასე პატივით სანამ დაკრძალავდნენ, მანამდე იყო დიდი ბრძოლები, ინტრიგები, უამრავი ცილისწამება. კაცი, რომელიც ქართული პროფესიული ბალეტის შემქმნელი გახლდათ, მსოფლიო ბალეტის ახალი მიმდინარეობის, გმირული მამაკაცური ბალეტის ფუძემდებელი, გულნატკენი იხსენებდა:

“ხელოვნებაში ცხოვრება დიდი სიხარულია. მე ხელოვნებით ვცოცხლობ და ვსუნთქავ დღესაც. ქანცგამწყვეტ შრომას ყოველთვის მოსდევს სიხარული, მას თითქოს თვითონვე ქმნის ადამიანი…

არ ველოდი, რომ მე, რომელმაც შევქმენი ქართული ბალეტის სახე, აღვზარდე არაერთი თაობა, ჩამომაშორებდნენ თეატრს, ჩემს ყველაზე საყვარელ და სათაყვანებელ საქმეს. მე მოქმედი ადამიანი ვარ. მათ კი ხელ-ფეხი შემიკრეს და დიდი ტკივილი მომაყენეს. თითქმის ერთდროულად დავდგი ირანში “გედების ტბა”, ბულგარეთში – “დონ კიხოტი”, ნოვოსიბირსკში – “ლაურენსია”, თბილისში – “ჰამლეტი”. “ჰამლეტით” გავემგზავრეთ მოსკოვში, წარმატება დიდი იყო. შინ დაბრუნებულს დამახვედრეს “სიურპრიზი”, რომ დავბერდი და აღარ მაქვს წარმატება (მაშინ ჭაბუკიანი 63 წლის იყო. ავტ.), ამიტომ თეატრიდან უნდა წავიდე. თავიდან მომიცილეს.

ეს დივერსია იყო არა მარტო ჩემი პიროვნების, არამედ მეგობრების, აღზრდილების, მთელი თაობის მიმართ, რომელთაც ქართული ბალეტის ისტორიის თვალსაჩინო ფურცელი შექმნეს”.

ქართული ბალეტის ეპოქა კი 113 წლის წინ ასე დაიწყო: თბილისში, ქართველი დურგლისა და პოლონელი ქალის ოჯახში მეექვსე შვილი დაიბადა – ვახტანგი, რომელსაც ცეკვა იტაცებდა, თითის წვერებზე ბზრიალებდა. პატარა ვერელი ბიჭი თეატრში უკანა კარიდან იპარებოდა, რადგან ბილეთის ფული არ ჰქონდა. აგურს ახვევდა ქაღალდში, ვითომ რეკვიზიტი იყო. ზოგჯერ კი ბილეთის საყიდლად ნივთებს ყიდდა. ერთხელ საკუთარი ხალათი გაყიდა, რათა თეატრში შეეღწია. გავიდა წლები და ის თავად გახდა სცენის ჯადოქარი.

ბალეტის ლეგენდაზე ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის დირექტორის მოადგილე, გოჩა ნიკოლაიშვილი „სარკესთან“ ყვება:

– ვახტანგ ჭაბუკიანი ძალიან თბილი ადამიანი იყო, მაგრამ მკაცრი ხდებოდა, როცა საქმე ცეკვას ეხებოდა. არ სიამოვნებდა, რომ მისი მოცეკვავეები ოჯახებს ქმნიდნენ და ცეკვას თავს ანებებდნენ. თავად მთელი სიცოცხლე საყვარელ საქმეს შესწირა და სხვებისგანაც ამ თავგანწირვას ელოდა.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჭაბუკიანმა ქართული ბალეტი შექმნა. 56 წლამდე ცეკვავდა და ისეთივე დატვირთვით მუშაობდა, როგორც ახალგაზრდობაში.

შემოქმედების ბოლო წლებში ბევრი სანერვიულო შეხვდა. 1973 წელს ფაქტობრივად ყველაფრიდან მოკვეთეს. აღარც ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და აღარც საკუთარი ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი. ამას ძალიან მტკივნეულად განიცდიდა. უდიდესი წარმატებების მქონე კაცს, რომელიც დიდების მწვერვალზე იყო, ინტრიგანი ადამიანები ძალიან ცუდად მოექცნენ… ამის შესახებ მეტის თქმა არ მინდა, რადგან იმ ადამიანებს შთამომავლები ჰყავთ და ამიტომაც არაა საჭირო იმ ამბების გახსენება.

სტატია სრულად დაიბეჭდა ჟურნალ „სარკეში“

სრულად წაკითხვა