ვგმობ „ოცნების“ მთავრობის ძალადობას დემონსტრანტებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიცაზე - სენატორი შაჰინი

3 hours ago 1

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი გმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „მიმდინარე ძალადობას“ და ზვიად ქორიძეზე ძალადობას ეხმაურება.

„ვგმობ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმდინარე ძალადობას პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ“, - აცხადებს სენატორი შაჰინი. მის კომენტარს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს პლატფორმა X-ზე.

„ბოლო თავდასხმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თანამშრომელზე, ზვიად ქორიძეზე ადასტურებს განგრძობად მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების წინააღმდეგ“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.

ჟურნალისტს, TI-ის რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეს 14 იანვარს, გვიან ღამით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან სასტუმრო „შერატონში“ დაბრუნებულ ზვიად ქორიძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა აგინეს, დაარტყეს, გაუტეხეს სათვალე და კერამიკის საყვავილე ესროლეს. ეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ ვინ იყო ის და რისთვის იმყოფებოდა ბათუმში.

„როცა შენ, ზვიად ქორიძე გამოდიხარ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს საქციელს უწონებ, ამას საზოგადოების რეაქცია მოჰყვება! - ვითომ მამა აბრამის ბატკანია და ქვეყნის წინაშე არაფერი დაუშავებია! ასე არ არის!“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ქორიძეზე ძალადობას.

ზვიად ქორიძის შემდეგ, რამდენიმე წუთში, იგივე პირები იმავე სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ ექსპრემიერს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიორგი გახარიას.

ბათუმის კლინიკის ექიმის, თაკო შანთაძის განცხადებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.

ამასთან, 15 იანვარს თბილისში, საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე, გაფიცულ ადამიანებს უცხო პირები თავს დაესხნენ. თავდასხმის ვიდეოკადრებში, რომელთა გადაღებაც რამდენიმე მოქალაქემ შეძლო, ისმის გინება და ჩანს ფიზიკური ძალადობა. ერთ-ერთ ადამიანს ბეისბოლის ჯოხი უჭირავს.

15 იანვარს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალი წლის შემდეგ დაიწყო „რეპრესიების ახალი ტალღა“.

სრულად წაკითხვა