ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 სექტემბერს წარდგენილი ისრაელელი ავტორების დოკუმენტური ფილმის, სახელწოდებით „NAZA“, თანახმად, ღაზაში ისრაელის საომარი მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვა რეგულარულად იყო ჩადებული ისრაელის სამხედრო სამიზნეების შერჩევის გადაწყვეტილებებში.
„NAZA“, რომლის რეჟისორებიც ისრაელელი ჟურნალისტები იუვალ აბრაჰამი და რახელ სორი არიან, თავის სათაურს იღებს ისრაელის სამხედრო ტერმინიდან, რაც მოსალოდნელ „თანმდევ მსხვერპლს“ ნიშნავს, და აგებულია ომში მონაწილე დაზვერვის ოფიცრებისა და ჯარისკაცების ჩვენებებზე.
ერთ-ერთი ოფიცერი ანონიმური ინტერვიუების სერიაში ამბობს, რომ ხდებოდა „მასობრივი მკვლელობა ინდუსტრიული მასშტაბით.“
ღაზის ჯანდაცვის ორგანოები აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო კამპანიას 73 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ომის დაიწყო ისრაელმა 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ისრაელზე თავდასხმით, რასაც დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ მან ყველაფერი გააკეთა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რომ ჰამასი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს — რასაც ჰამასი უარყოფს.
აბრაჰამმა Reuters-ს განუცხადა: „ჩვენს ფილმში ხედავთ სამიზნეების შერჩევის სისტემას, რომელიც თავისი სტრუქტურით მიზანმიმართულად უმიზნებს ადამიანებს სამოქალაქო სივრცეებში, ოჯახების სახლებში“, — „ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს 500 NAZA ... მთელი სოფლების ან მთელი უბნების განადგურებით,“ - ამბობს ფილმის ერთ-ერთი ავტორი.
დაზვერვის ოფიცრები აღწერენ “ხელოვნური ინტელექტის” დამხმარე სისტემას, რომელიც სამიზნეების იდენტიფიცირებას ათასობით გატეხილი მობილური ტელეფონიდან შეგროვებული მონაცემებით ახდენდა. ისინი ამბობენ, რომ ბავშვის მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული ფრაზა „მამა სახლშია,“ საკმარისი იყო ხოლმე ავიადარტყმის განსახორციელებლად.
ოფიცრებმა ასევე აღწერეს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა ისრაელის მიერ გამოცხადებულ აკრძალულ ზონებში, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების დარიგების ცენტრებთან ახლოს. ამ ზონების ადგილმდებარეობა მცხოვრებთათვის ცნობილი არ ყოფილა, განაცხადა ერთ-ერთმა ოფიცერმა: „მათ ეს სისხლით უნდა ისწავლონ“.
გაერომ გასულ წელს განაცხადა, რომ 400-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა დახმარების მიღების მცდელობისას. ისრაელმა აღიარა, რომ ჰუმანიტარული დარიგების ცენტრებში მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ და განაცხადა, რომ ცეცხლის გახსნის წესები შეცვალა.
ისრაელის თავდაცვის ძალებს Reuters-ის თხოვნაზე დოკუმენტური ფილმის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე დაუყოვნებლივი პასუხი არ გაუციათ.
აბრაჰამს ეჭვი ეპარება, რომ ისრაელი ვინმეს პასუხისგებაში მისცემს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო გარე ზეწოლის გარეშე.
„იმედი მაქვს, იქნება სამართლიანობა და პასუხისმგებლობა დანაშაულებისთვის. ... ეს დამოკიდებულია ადამიანების პასუხისგებაში მიცემასა და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ნებაზე“, — თქვა მან.
„NAZA“ არის იმ 21 ფილმიდან ერთ-ერთი, რომელიც იბრძვის ვენეციის “ოქროს ლომის” ჯილდოსთვის. ის შაბათს გადაეცემა გამარჯვებულს.
ვენეციის რიგით 83-ე კინოფესტივალზე, რომელიც 2-დან 12 სექტემბრამდე იმართება, ქართველი კინორეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის, „გურიის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
radiotavisupleba ახალი ამბები