თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა.
“თბილისის მერი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც “ქართული ოცნების“ დეპუტატები ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კახა კალაძის განცხადებით, „ვერავინ ვერ მოიყვანს მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა“:
“დეპუტატი, თანამდებობის პირი არავის ესხმის თავს. რა თქმა უნდა, ვნახე და არავის ეპატიება, არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა. არავის აქვს უფლება მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს.
ძალადობა ჩემთვის მიუღებელია, არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, ეს ყველამ უნდა გაიგოს. თქვენ ცდილობთ დანერგოთ ტენდენცია, თუ ვინმე თანამდებობის პირს ვიღაც შეურაცხყოფას აყენებს, თავი უნდა ჩაღუნოს და წავიდეს, ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მან “მთავარი არხი“ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.
“თქვენ ხართ ის ტელევიზია, ვინც ქვეყანაში ძალადობას ახალისებთ. არ მახსოვს თქვენი ტელევიზიისგან და არც თქვენგან კონკრეტულად, ქალბატონო ჟურნალისტო, დაგეგმოთ ძალადობის თუნდაც ერთი ფაქტი. თუნდაც ის, რომ ელისაშვილი ლაჩრულად, ჩასვრილი მიეპარა მდინარაძეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რა განცხადებები კეთდებოდა თქვენს ტელევიზიებში, რა სტატუსებს დებდით, თქვენს კოლეგა ჟურნალისტებზე როდესაც ძალადობა ხდებოდა, არცერთი დაგიგმიათ, არცერთს გამოგიჩენიათ კოლეგიალობა, რომ ამ ადამიანების გვერდით დამდგარიყავით.
ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი რეალური სახე. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში ძალადობას ახალისებთ და პოლარიზაციას ემხრობით“,- მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.