„ვერაგული შეტევა“ - რუსეთის საგარეოც ომის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებს

1 hour ago 2

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს და ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ „ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით“ სამხრეთ ოსეთზე „ვერაგული თავდასხმა“ განახორციელა, რასაც, რუსეთის მტკიცებით, მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობოებს შორის მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთის საგარეო უწყება საკუთარ განცხადებაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებს „საქართველოს მშვიდობის იძულების ოპერაციად“ მოიხსენიებს. მოსკოვის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ თბილისს ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ჰქონოდა.

განცხადებაში რუსეთის მხარე ასევე საუბრობს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს, ასევე საქართველოსა და აფხაზეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის აუცილებლობაზე.

მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოში 2008 წლის მოვლენების „გადაფასების“ პროცესი მიმდინარეობს და დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების შესახებ.

„მხედველობაშია მიღებული საქართველოს ხელისუფლების განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების მნიშვნელობის შესახებ, რაც იმედს იძლევა, რომ მიდგომების ეს ცვლილება მხოლოდ დეკლარაციების დონეზე არ დარჩება და მას კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოგვარებისკენ იქნება მიმართული.

რუსული მხარე კვლავ მზად არის და სურვილი აქვს, მხარეებს ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს მოლაპარაკებების პროცესის წინსვლაში, ნდობის აღდგენასა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებაში, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დასავლეთის ქვეყნები, უკრაინის ხელისუფლება და „რადიკალური ქართული პოლიტიკური ძალები“ თბილისისთვის სამხრეთ კავკასიაში „ახალი სისხლიანი ავანტიურების“ მოწყობას ცდილობენ.

7 აგვისტოს 17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.

ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% - აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

უკვე მესამე წელია, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყებაში ღიად ადანაშაულებს არა რუსეთს, არამედ ქართულ მხარეს [წინა ხელისუფლებას]. აგვისტოს ომს “გარე ძალების” – [გლობალური ომის პარტიის/დიპ სტეიტის] დაკვეთად განიხილავს და ასეთ ძალებს დასავლეთში ხედავს.

სრულად წაკითხვა