ვინ არის 33 წლის ქართველი კაცი, რომელიც იტალიაში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

1 week ago 8

იტალიაში თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სასამართლომ მას უკვე მიუსაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული დათო ადეიშვილი-თავართქილაძე. ახალგაზრდა ქართველი კაცი 3 თანამზრახველთან ერთად თავის ყოფილ დამსაქმებელს – ჯოვანი პიოს დაესხა თავს მის საკუთარ სახლში, მონტებელო-იონიკოში (კალაბრიის რეგიონი) ძვირფასეულობისა და ფულის გატაცების მიზნით. თავდამსხმელებმა სცემეს ოჯახის უფროსს და მის მეუღლეს, ქალიშვილს და სიძეს; სამართალდამცველთა ცნობით, შემთხვევის დროს სახლში რამდენიმე თვის ბავშვიც იმყოფებოდა.

დაკავებულ ქართველს სასამართლომ უფრო დიდი სასჯელი მიუსაჯა, ვიდრე პროკურორმა მოითხოვა – ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა. მისი სამი თანამზრახველი საზღვარგარეთ იმალება. სასამართლოზე დაბარებული იყვნენ 34 წლის და 27 წლის მამაკაცები აღმოსავლეთ ევროპიდან, მესამე ეჭვმიტანილის ვინაობა დაუდგენელია.

დათო ადეიშვილი-თავართქილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძარცვასა და მკვლელობის მცდელობაში წამებით და სისასტიკით დამამძიმებელი გარემოებებით, დროისა და ადგილის გარემოებებით სარგებლობაში, აგრეთვე, არასრულწლოვანზე თავდასხმაში. 17-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ მას იტალიიდან გააძევებენ.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა