ვინ შეიძლება გახდეს UK-ის ახალი პრემიერი

3 hours ago 3

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს, 22 ივნისს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პოსტთან ერთად, ის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობასაც დატოვებს, რაც გზას უხსნის შიდაპარტიულ არჩევნებს ახალი პრემიერ-მინისტრის გამოსავლენად.

კირ სტარმერის განცხადებით, ეთანხმება მოსაზრებას, რომ არ არის საუკეთესო კანდიდატი ლეიბორისტებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გასაძღოლად.

მისი თქმით, ლეიბორისტული პარტიის მმართველ ორგანოს სთხოვა, რომ შეადგინოს მისი ჩანაცვლების განრიგი. ამასთან, კანდიდატების ნომინირება 9 ივლისს დაიწყება და 16 ივლისს, საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე დასრულდება.

სტარმერის თქმით, თუ შიდაპარტიული არჩევნები გაიმართება, ახალი ლიდერი თანამდებობას სექტემბერში, პარლამენტის მუშაობის განახლებამდე დაიკავებს, თავად კი „ყველაფერს გააკეთებს“ ხელისუფლების „გეგმაზომიერი და მშვიდობიანი“ გადაბარების უზრუნველსაყოფად.

როგორც სტარმერმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მანამ დარჩება, სანამ ლიდერის შერჩევის პროცესი ბოლომდე არ დასრულდება.

მან ასევე დასძინა, რომ თავის მემკვიდრეს „სრულ და უპირობო მხარდაჭერას“ გამოუცხადებს.

„ვიცი, რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ ბევრად უფრო ძლიერ და სამართლიან ბრიტანეთს, ვიდრე ის იყო ორი წლის წინ, როდესაც ქვეყნის მართვა მე გადავიბარე“, – განაცხადა სტარმერმა.

კირ სტარმერი ლეიბორისტული პარტიის ლიდერად 2020 წლის აპრილში აირჩიეს, ხოლო პრემიერ-მინისტრი 2024 წლის 5 ივლისს, საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტების გამარჯვების შემდეგ გახდა.

ვინ შეიძლება გახდეს ბრიტანეთის მომავალი პრემიერი?

კირ სტარმერის შესაძლო გადადგომაზე ბრიტანული მედია ბოლო პერიოდია აქტიურად წერდა და მის პოტენციურ შემცვლელებსაც განიხილავდა.

ამ დროისთვის კირ სტარმერის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ ლეიბორისტული პარტიის წევრი ენდი ბარნემი სახელდება. ის მანჩესტერის ყოფილი მერია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულ თემთა პალატის შუალედურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა,  რამაც გადადგომასთან დაკავშირებით სტარმერზე ზეწოლა საგრძნობლად გაზარდა.

შუალედურ არჩევნებში ბარნემმა ლეიბორისტების ლიდერობის ძლიერი კანდიდატის პოზიცია დაიმკვიდრა, ვინაიდან მან არა მხოლოდ საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, არამედ მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „რეფორმისტების“ (Reform UK) კანდიდატი 20%-ზე მეტი სხვაობით დაამარცხა. ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ფონზე, რომ ლეიბორისტები უკვე წელიწადზე მეტია გამოკითხვებში „რეფორმისტებს“ საგრძნობლად ჩამორჩებიან.

მას შემდეგ, რაც კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ განაცხადა,  ენდი ბერნემმა დაადასტურა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის შესაცვლელად კენჭს იყრის.

ბარნემის ყველაზე სავარაუდო მეტოქედ მედია ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ვეს სტრიტინგს ასახელებდა. მან ჯანდაცვის მინისტრის პოსტი მაისის შუა რიცხვებში დატოვა და გადადგომის შესახებ წერილში სტარმერი მკაცრად გააკრიტიკა. სტრიტინგმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ აპირებდა კენჭი ეყარა ლეიბორისტების ლიდერის პოზიციაზე, როგორც კი სტარმერი გადადგებოდა.  თუმცა, მას შემდეგ, რაც კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ განაცხადა, სტრიტინგმა მხარი ენდი ბერნემის კანდიდატურას დაუჭირა.

„მე მთავრობა იმიტომ დავტოვე, რომ ნაციონალისტებთან ბრძოლას ქვეყნის ყოველ კუთხეში ვაგებდით. მას შემდეგ კვირები გავატარე ჩვენს ყოფილ მრჩევლებთან, აქტივისტებთან და იმ რეგიონების ამომრჩევლებთან საუბარში, სადაც პოზიციები დავკარგეთ, რათა მათთვის მომესმინა და მათგან მესწავლა…

ბოლო დღეებში ენდისთან [ბარნემთან] ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ის მოწოდებულია, შექმნას ინკლუზიური პარტია, რომელიც დაეფუძნება ჩვენი პოლიტიკური ტრადიციების საუკეთესო ნაწილს, რომ მას შეუძლია ნაციონალისტური ძალების წინააღმდეგ ჩვენი ცხოვრების უმთავრეს ბრძოლაში გაიმარჯვოს.

ჩვენ შეგვიძლია მთელი ზაფხული მცირე უთანხმოებების გაზვიადებას მოვანდომოთ, ან შეგვიძლია საქმეს შევუდგეთ და დავეხმაროთ მას იმ ცვლილებების განხორციელებაში, რაც ჩვენს პარტიასა და ქვეყანას სჭირდება. ეს არის არჩევანი, რომელსაც მე ვაკეთებ და იმედი მაქვს, სხვებიც მხარს დაუჭერენ ენდის [ბარნემს].

თუ ენდი ბარნემი ლეიბორისტების ლიდერობის ერთადერთი კანდიდატი იქნება, ახალი პრემიერ-მინისტრის შერჩევის პროცესი შესაძლოა სწრაფად წარიმართოს.

რას უნდა ველოდოთ ენდი ბარნემისგან?

ენდი ბარნემი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს უჭერს მხარს და, შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანოს. თუმცა, როგორც მედია წერს, საგარეო საქმეებში, სავარაუდოდ, ძველი კურსი შენარჩუნდება.

 უკრაინისა და ნატოს საკითხებში მან ფართო მხარდაჭერა გამოუცხადა მოქმედი მთავრობის პოზიციას. იგი ასევე მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების გაზრდის გეგმებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს დამატებითი ხარჯები, გამონაკლისის სახით, სახელმწიფო სესხების გაზრდით უნდა დაფინანსდეს. ინსაიდერების თქმით, ბარნემი თავდაცვის სფეროს განიხილავს, როგორც „ინდუსტრიულ შესაძლებლობას“, რომელსაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნა.

გადადგომის შესახებ სტარმერის განცხადებას გამოეხმაურნენ კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სტარმერი თავის პრემიერობისას რუსეთსა და ბრიტანეთს შორის  ურთიერთობების ყველაზე დაბალ დონეზე შენარჩუნების მომხრე იყო და რუსეთის ხელისუფლება არ მოელის, რომ ამ ურთიერთობებში რაიმე არსებითად შეიცვლება.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრიტანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ვინმეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით კირ სტარმერისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის სამთავრობო გაზეთის, „რასიისკაია გაზეტას“ დღევანდელი ნომერი ენდი ბარნემს ახასიათებს, როგორც „რუსეთის თანმიმდევრულ კრიტიკოსს, რომელიც მუდმივად მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს“.

ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხში, ბარნემის მთავრობა, სავარაუდოდ, გააგრძელებს სტარმერის დროს დაწყებულ დაახლოების კურსს. ბარნემი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ბრექსიტს (ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას) და გასულ სექტემბერს, ლეიბორისტული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედოვნებდა, თავის სიცოცხლეშივე იხილავდა ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნებას. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ მან უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ბრექსიტი დამაზიანებელი იყო, მაგრამ ასევე სჯერა, რომ ახლა ყველაზე ნაკლებად ამ არგუმენტების ხელახლა განხილვა სჭირდებათ. ბარნემმა აღნიშნა, რომ ის არ გამოდის ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანების ინიციატივით და დასძინა, რომ პატივს სცემს რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.

თუ ბარნემი პრემიერი გახდება, უფრო მეტი ალბათობით, ეკონომიკური პოლიტიკის კურსი შეიცვლება. ბარნემს სურს, რომ საგადასახადო ტვირთი მუშაობა-დასაქმებიდან სიმდიდრესა და ქონებაზე გადაიტანოს. ის ასევე გეგმავს ენერგეტიკის, ბინათმშენებლობის, წყალმომარაგებისა და ტრანსპორტის სექტორები „უფრო ძლიერი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ“ მოაქციოს. ამ გეგმებს თან ახლავს ისეთი პოპულარული ზომები, როგორიცაა ავტობუსით მგზავრობის საფასურის 2 ფუნტამდე შეზღუდვა და მცირე ბიზნესისთვის უფრო შეღავათიანი საგადასახადო პირობების შეთავაზება.

ამავდროულად, ბარნემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს სოციალური დახმარების ხარჯების შემცირება და მეტი ადამიანის დასაქმებაში ხელშეწყობა. მაისში მან ინვესტორების დამშვიდებაც სცადა და პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს მოქმედი მთავრობის ფისკალურ წესებს. ამ წესების მიხედვით, 2029–2030 წლებისთვის მთავრობის მიმდინარე ხარჯები სრულად უნდა იფარებოდეს საგადასახადო შემოსავლებით, ხოლო სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში კლებადობას უნდა აჩვენებდეს.

როგორია ახალი ლიდერის არჩევის პროცედურა?

იმისათვის, რომ ენდი ბარნემი ლეიბორისტების ლიდერი გახდეს, მას პარტიის დეპუტატების სულ მცირე 20%-ის ნომინირება დასჭირდება ანუ პარტიის ამჟამინდელი 403 პარლამენტარიდან 81 წევრის მხარდაჭერა. მის კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭიროს ან ადგილობრივი საარჩევნო ოლქების ასოციაციების 5%-მა, ან პარტიასთან აფილირებულმა სულ მცირე სამმა ორგანიზაციამ. ბრიტანული მედიის თანახმად,  არცერთი ეს პირობა ბარნემისთვის სერიოზულ დაბრკოლებად არ იქცევა. ამიტომ, დიდი ალბათობით, 56 წლის ბარნემი ჯერ ლეიბორისტების ლიდერი გახდება, ხოლო შემდგომ, მეფე ჩარლზ III-ის მიერ დანიშვნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სტარმერს შეცვლის.

სრულად წაკითხვა