ვინისიუსი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის უახლოეს შესარჩევ მატჩებს ბრაზილიის ნაკრებში გამოტოვებს

3 days ago 8

მადრიდის „რეალის“ ლიდერი ვინისიუს ჟუნიორი ვერ დაეხმარება ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უახლოეს საკვალიფიკაციო მატჩებში. ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Globo ავრცელებს.

ბრაზილია 5 სექტემბერს ჩილეს დაუპირისპირდება, ხოლო 10 სექტემბერს – ბოლივიას. თუმცა ორივე შეხვედრას ვინისიუსი გამოტოვებს. მიზეზი ორმაგია: ერთის მხრივ, ფეხბურთელი მაინც ვერ ითამაშებდა ჩილესთან, რადგან ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულია. მეორეს მხრივ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, ვინისიუსს დამატებითი დასვენების საშუალება მიეცა.

ბრაზილიის ნაკრებს უკვე გარანტირებული აქვს საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე, ამიტომ ანჩელოტიმ გადაწყვიტა, დატვირთული კალენდრის ფონზე ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ზედმეტ რისკში არ ჩაეგდო.

ვინისიუსისთვის ეს იქნება შანსი, ძალები სრულად მოიკრიბოს და ჯანმრთელად დაბრუნდეს როგორც ეროვნული გუნდისთვის, ისე "რეალისთვის“, რომელსაც შემოდგომაზე უდიდესი გამოწვევები ელოდება როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.

სრულად წაკითხვა