ვის (არ) შეხვდა კობახიძე საგარეო უწყებაში

1 month ago 21

დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა და უწყების თანამშრომლებს შეხვდა. მან „ქართული ოცნების“ მიერ ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა.

იყო მოლოდინი, რომ კობახიძე უწყების ფართო შემადგენლობასთან აპირებდა შეხვედრას. თუმცა, საბოლოოდ ნეტგაზეთის ინფორმაციით, კობახიძე მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. აქედანაც, ნეტგაზეთის ინფორმაციით, შეხვედრას არ ესწრებოდა რამდენიმე ისეთი ხელმძღვანელი პირიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერებაზე გაემიჯნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ირაკლი კობახიძის მისვლას წინ უძღოდა უწყების მოქმედი თანამშრომლები ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. განცხადებას ამ დროისთვის 240-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობა დატოვეს ბულგარეთში, ლიეტუვასა და აშშ-ში საქართველოს ელჩებმა, ასევე იტალიაში ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამაც, რომელიც ევროკავშირის მიმართულებას კურირებდა.

სრულად წაკითხვა