“ვიტოვებ იმედს, რომ “ლელო” გადაიფიქრებს და ამ უგუნურ ნაბიჯს არ გადადგამს” – ზაზა ბიბილაშვილი

2 days ago 4

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს მიხეილ ყაველაშვილთან მიმართებაში და მის მიერ კოალიცია ,,ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალებასთან დაკავშირებით:

,,მიხეილ ყაველაშვილი ზუსტადაც რომ ე.წ. “პრეზიდენტია”. მას აბსოლუტურად არავინ არაფერს ჰკითხავს – აწვდიან გამზადებულ ტექსტებს წასაკითხად, გამზადებულ გადაწყვეტილებებს ხელმოსაწერად. ამ გადაწყვეტილებების გაჟღერებისას ყველაზე კომიკური მის მიერ წარმოთქმული სიტყვებია – ,,მე მივიღე გადაწყვეტილება”, ვინაიდან ყველამ კარგად უწყის, რომ ამ გადაწყვეტილებებს არა ის, არამედ სხვა, უცხოური ძალები იღებენ: ესენი არიან რუსული ძალები და ივანიშვილთან დაკავშირებული ანტიქართული ინტერეს-ჯგუფები“, – აღნიშნავს ზაზა ბიბილაშვილი.

ზაზა ბიბილაშვილმა, ასევე, პოზიცია დააფიქსირე ,,ლელოს” ლიდერებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ მათი პარტია უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე:

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე რაიმე ფორმით გარიგებულები არიან რეჟიმთან. უბრალოდ მგონია, როგორც მინიმუმ, მათი გათავისუფლება ემსახურება იმ მიზანს, რომ გახლეჩილობა შემოიტანოს ოპოზიციურად გაწყობილ საზოგადოებაში, ეჭვები დანერგოს და ა.შ. ამ ფონზე. არ მესმის და ნამდვილად არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომელიც შეეხება ,,ლელოს” მიერ ე.წ. “არჩევნებში” მონაწილეობის მიღებას. ვერანაირ ობიექტურ თუ სუბიექტურ ხეირს ამაში ვერ ვხედავ. ვერც ,,ლელო”, როგორც პარტია იხეირებს ამით და ვერც, მითუმეტეს, საქართველო ნახავს რაიმე სარგებელს ამ მონაწილეობიდან.

შესაბამისად, მე მაინც ვიტოვებ იმედს, ვინაიდან კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე კვირა, რომ ,,ლელო” გადაიფიქრებს და ამ უგუნურ ნაბიჯს არ გადადგამს”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ინტერვიუ ჩაწერა
ნინი ხიჯაკაძემ

სრულად წაკითხვა