ბელგიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა და „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა, შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს.
როგორც ცნობილია, „ნაპოლი“ სერიოზულად დაინტერესებულია 33 წლის ნახევარმცველით და ზაფხულში მის გადმობირებას შეეცდება.
საგულისხმოა, რომ დე ბრუინი მოქმედ კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლოს ამოწურავს და თავისუფალი აგენტი გახდება, რაც შესაძლებელს ხდის მის უფასოდ შეძენას. თუმცა, როგორც იტალიური მედია აღნიშნავს, მოთამაშის აგენტის ჰონორარი სავარაუდოდ საკმაოდ მაღალი იქნება.
ტრანსფერზე მოლაპარაკებებს საინტერესო ელემენტიც ახლავს: გავრცელებული ცნობებით, პროცესში შესაძლოა დე ბრუინის თანამემამულე და მეგობარი, რომელუ ლუკაკუ ჩაერთოს, რომელიც ცდილობს კევინის დარწმუნებას „ნაპოლის“ შეთავაზების მიღებაზე.
ნეაპოლური გამოცემების ინფორმაციით, დე ბრუინის მეუღლემ უკვე მოინახულა ქალაქი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაათვალიერა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ოჯახის დაინტერესებაზე იქ გადასვლასთან დაკავშირებით.
„ნაპოლი“, თავის მხრივ, მზად არის ფეხბურთელს 2+1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს, რომ მოლაპარაკებები რეალური და პერსპექტიულია.