WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მათ შორის იყო უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობა, აზერბაიჯანული ბიზნესის საქმიანობა უკრაინაში და ზამთრის წინ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის შესაძლო მხარდაჭერა.

შეხვედრა დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ საკუთარ Telegram-არხზე დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ვითარდება და თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ე.წ. Drone Deal-ია – შეთანხმება უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში.

ზელენსკის თქმით, შესაბამის კონტრაქტებს მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი და ახლა შეკვეთების მოცულობის გაზრდაზე მუშაობენ.

პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს უკრაინაში აზერბაიჯანული ბიზნესის საქმიანობა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ კომპანიებს, რომლებიც, მიუხედავად რუსეთის იერიშებისა, უკრაინაში მუშაობას აგრძელებენ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში არსებულ ვითარებას და ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემებს, რომლებიც რუსეთის უწყვეტი თავდასხმებით არის გამოწვეული.

ზელენსკიმ აზერბაიჯანს უკვე გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ბაქო ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკას დამატებით დაეხმარება.

„ჩვენ დავავალეთ გუნდებს, ამ საკითხზე იმუშაონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.