უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი „შემდეგ ნაბიჯებს“ გეგმავენ მას შემდეგ, რაც უქმეებზე აშშ-ისა და ევროპის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართეს.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება ეს ნაბიჯები.
ამერიკის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უქმეებზე ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ, ოთხნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების განახლების მცდელობის მიზნით.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალი რანგის წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ უიტკოფმა და კუშნერმა კონფლიქტის დასასრულებლად „უფრო ეფექტური“ წინადადებები ჩამოიტანეს, თუმცა გარღვევის შესახებ არც მოსკოვს და არც კიევს განუცხადებია.
„(მქონდა) შეხვედრა (უკრაინის) მოლაპარაკების გუნდთან ჩვენი დისკუსიების შემდეგ... ვათანხმებთ ჩვენს შემდეგ ნაბიჯებს. ვამზადებთ მომდევნო შეხვედრებსა და კომუნიკაციებს“, — დაწერა ზელენსკიმ Facebook-ზე.
ამერიკელი სტუმრების უკრაინაში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები შეჩერებული იყო.
4 სექტემბერს ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამერიკელების ვიზიტის დროს რუსეთზე საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებდნენ და კრემლს საპასუხო სიჩუმის რეჟიმისკენ მოუწოდა. თუმცა საჰაერო ზავი მაინც არ შედგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარ სამმართველოში მოგვიანებით განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა „არ შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ასიმეტრიული“.
რუსეთის სამხედრო ძალები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს ომის დანაშაულებად აფასებენ. მოსკოვი უარყოფს, რომ მისი არმია უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს განზრახ ესხმის თავს.
radiotavisupleba ახალი ამბები