"მინდა დაველაპარაკო იმ ქვეყნებს, რომლების მოქალაქეების გამოყენებაც შესაძლოა სცადოს რუსეთმა მორიგ, სრულიად სასტიკ კამპანიაში. ჩვენ მხოლოდ ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეები არ გვყოლია. ვიცით, რომ რუსეთი 47 ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს ამ ომში", - განაცხადა 23 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სხდომაზე გამოსვლისას და ჩამოთვალა ზოგიერთი ასეთი ქვეყანა: განა, ნეპალი, ტაჯიკეთი, ინდოეთი, იემენი, კენია, ზიმბაბვე, კუბა, ბელარუსი, სუდანი, სამხრეთ აფრიკა:
"მსურს პირისპირ დაველაპარაკო ამ 47 ქვეყნის თითოეულ წარმომადგენელს. იცით, რას უშვრება რუსეთი თქვენს ხალხს. ისინი თქვენი მოქალაქეები არიან. იზრუნეთ მათზე და არ დაუშვათ, რომ ისინი მორიგ ფრონტზე აღმოჩნდნენ.
არ დაუშვათ, პუტინმა ჩაგითრიოთ ამ ომში. არ დაუშვათ, რუსეთის მიერ თავისი ხანძრების ჩაქრობა, სირცხვილის დაფარვა და საკუთარი სიგიჟის საფასურის გადახდა თქვენი ხალხით. შეზღუდეთ მისი მოქმედების სივრცე. შეზღუდეთ მისი ფული, შეზღუდეთ მისი ომი".
გამოსვლა კი მან დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პოსტის ციტირებით:
"ნიუ იორკისკენ მგზავრობისას, სადღაც ცაში დიდი და მშვენიერი ატლანტიკის ოკეანის თავზე, წავიკითხე პრეზიდენტ ტრამპის პოსტი Truth Social-ზე.
პრეზიდენტმა დაწერა, რომ უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა კონტროლი დაკარგა თავის დიზელის საწვავის მრეწველობაზე და ძნელია წარმოიდგინო ამაზე უფრო დამამცირებელი მარცხი ქვეყნისთვის, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი აქვს და ასე ამაყობს საკუთარი ნავთობის ექსპორტით.
ვციტირებ: „დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და მინიმუმ დროებით უმოქმედოა“.
ეს სიმართლეა: რუსეთი სავალალო მდგომარეობაშია.
პოსტის დასკვნითი ნაწილიც სწორია: ეს სასაცილო და დაუსრულებელი ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს.
არ მეგულება არც ერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელიც სხვა რამეს იტყოდა.
არ მეგულება არავინ, ვინც ღიად უჭერს მხარს ამ ომს, ერთადერთი კაცის გარდა.
უკვე თითქმის ხუთი წელია რუსი გენერლები ცდილობენ პუტინის გიჟური ბრძანების შესრულებას - ჩვენი აღმოსავლეთ ტერიტორიის - დონეცკის ოლქის დაპყრობას.
და მხოლოდ წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, 8 თვის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე დაკარგა 248964 ადამიანი - მოკლულების ან მძიმედ დაჭრილების სახით.
ჩვენ გვაქვს თითოეული ამ დანაკარგის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები.
ეს ყველაფერი მხოლოდ სტატისტიკა არ არის, ეს ადამიანებს ეხება.
ჩვენ გვაქვს დრონებიდან გადაღებული ვიდეომასალის არქივი, ვიდეობში ასახულია ათასობით რუსი, რომელიც სიცოცხლეს კარგავს
ეს სიგიჟეა.
თუმცა ისინი მაინც მიდიან იქ, რომ დაიხოცონ, რადგან ასე სურს პუტინს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან და დააზუსტა, რომ ამხელა მსხვერპლის ხარჯზე რუსეთმა 2026 წელს მოახერხა მხოლოდ 1000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრის დაკავება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც უკრაინამ უკვე გაათავისუფლა.
"სხვათა შორის, უკრაინის ტერიტორიის გარეშეც, რუსეთს უკვე აქვს 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი მიწა.
1000 კვადრატული კილომეტრის დამატებით, პუტინი 248 ადამიანის სიცოცხლით იხდის თითოეული კილომეტრის ფასს.
ვინმეს კვლავაც სჯერა, რომ ის გონიერი და ზომიერია?
მისმა ამხანაგმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთში გაგზავნა თავისი ჯარი, რუსეთს არმიის სუსტი წერტილების მხარდასაჭერად.
ჩრილოკორეელებმაც განიცადეს დანაკარგები.
მძიმე დანაკარგები.
ნახავდით ფხენიანიდან მაუწყებლობას, როცა პატივი მიაგეს დაღუპულებს.
ესეც სიგიჟეა.
ასე რომ, ომი, რომელიც არ იყო დროულად აცილებული, არ იყო დროულად გაჩერებული და რომლისთვისაც რუსეთი დროულად არ დაისაჯა, განაგრძობს გავრცელებას და ავრცელებს ბოროტებას.
ახლახან ორი ჩრილოკორეელი სამხედრო ტყვე გავგზავნეთ კორეის რესპუბლიკაში.
ამ ტიპების ცოცხლად შეპყრობა ადვილი არ არის.
ერთ-ერთმა მათგანმა, როცა გაიაზრა, რომ ტყვედ ვარდებოდა, თავის მოკვლა სცადა და შოკირებული იყო, რომ ბედისწერამ არ მისცა სიკვდილის საშუალება".
23 სექტემბრის გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთი კითხვა დასვა. ერთ-ერთი იყო:
"მართლა გინდათ ასეთ ძალას მისცეთ მეტი დრო, რომ ისწავლოს ომის წარმოება?
ეს უკვე 5 წელია გრძელდება.
და ვიცით, რომ ახლახან პუტინი კიდევ ერთხელ დაპირდა ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, რომ დაიპყრობდა დონეცკის ოლქს და განაცხადა, რომ მას კიდევ სულ რამდენიმე თვე სჭირდება.
ეს ალბათ მისი მე-17 ან მე-18 დაპირებაა ბოლო ხუთ წელიწადში".
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგჯერ სცადა მსოფლიოსთვის იმის ახსნა, რომ კრემლი არც დონეცკზე და არც უკრაინაზე არ გაჩერდება:
"პუტინი ამჯერადაც დამარცხდება.
თუმცა, ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს მსოფლიოს, რომ ჩვენი დონეცკის ოლქიც არ არის მისთვის საკმარისი.
მას უნდა ჩვენი მეტი ქალაქი: ოდესა, ხარკოვი, დნიპრო და სხვები.
...რუსეთს პრეტენზიები აქვს ჩვენს მეზობელ მოდლოვასთან.
ის გამუდმებით ემუქრება პოლონეთსა და ბალტიის სახელმწიფოებს.
რუსეთი პატივს არ სცემს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობას.
სამწუხაროდ, ხალხმა სირიასა და მთელ აფრიკაში ძალიან კარგად იციან რას წარმოადგენენ რუსი მკვლელები.
რაღაც ყოველთვის აჩერებს პუტინს, რომ უბრალოდ თქვას - საკმარისია".
ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი სულ ეძებს დამხმარეს, რომ მეტი მოკლას, მეტი - თითოეული კილომეტირსთივს, დაიპყროს მეტი ტერიტორია, თავს დაესხას სხვა ქვეყანას, შეჩერებისა და საკუთარი ქვეყნის მართვის ნაცვლად.
ამ ყველაფრის შემდეგ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის ომის გარეშე?
ის არის ნულოვანი პაციენტი.
ის, რომლისგანაც ომის იდეა განაგრძობს გავრცელებას.
და სადაც ვრცელდება, მოაქვს მხოლოდ ტკივილი, არასტაბილურობა, ახალი საფრთხეები და რა თქმა უნდა, კრიზისი.
რაც მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს პუტინს, მეტად საშიში ხდება მსოფლიო ყველა დანარჩენისთვის.
ამიტომაც უნდა შეჩერდეს ნულოვანი პაციენტი".
უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა იმავე ტრიბუნიდან მის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადება:
"გასულ წელს, აქ გამოსვლისას ვთქვი, რომ ვცხოვრობთ დროში, როცა იარაღი წყვეტს ვინ გადარჩება.
და ვთქვი, თუ სახელმწიფოს სურს მშვიდობა, უნდა იზრუნოს მძლავრ იარაღზე.
უკრაინა სწორედ ამას აკეთებს.
ამიტომაც არის, რომ რუსეთის ისტორიაში პირველად, გვესმის, რომ მისი სიამაყეს, ნავთობის ინდუსტრიას კვამლი ასდის.
საკუთრივ ნავთობი არ არის უკრაინის სამიზნე.
ჩვენი სამიზნე არ არის არც ბენზინი ან დიზელი, არც ქარხნდები ან პორტები როგორც ასეთი.
ჩვენი სამიზნეა რუსეთის მიერ ამ ომის დაფინანსების, მისი გაჭიანურების, მისი უფრო სასტიკად და დამანგრევლად ქცევის საშუალება.
რუსეთის ფინანსები და რუსეთის წარმოება უნდა გაჩერდეს, თუ პუტინია გასაჩერებელი.
სანქციები, მხარდაჭერის პაკეტები, ჩვენი ერთობლივი იარაღის წარმოება, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია.
ეს ყველაფერი გვაძლიერებს.
როცა ვიღაც რუსეთს მეტ ფულს აძლევს ვაჭრობის გზით, ისინი ამ ომს დროს უმატებენ.
სწორედ ამიტომ მოვითხოვთ აგრესორთან ვაჭრობის შეზღუდვას და ამიტომ ჩვენ თვითონ ვწვავთ რუსეთის შემოსავლებს.
ბევრ თქვენგანს, ვინც აქ ხართ, ერთზე მეტჯერ მაინც გინახავთ, როგორ ასუსტებს მსოფლიოს და გვაშორებს მშვიდობას გაეროში ვეტოს ბოროტად გამოყენება".
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ "როცა რუსეთს აქვს ფული, ის ყოველთვის ამბობს არას. ამბობს უარს დიპლომატიაზე" და ამ პოზიციასაც განიხილავს, როგორც რუსეთის ვეტოს უფლებას -
"ესეც მშვიდობაზე ერთგვარი ვეტოა. არა ოფიციალური, მაგრამ რეალური".
რუსეთის მიმართ სანქციების შესუსტების საფრთხე იყო ზელენსკის გამოსვლის ერთ-ერთი ძირითად თემა:
"როცა მსოფლიოში ვიღაც ასუსტებს სანქციებს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, ამან შესაძლოა ცხოვრება უფრო კომფორტული გახადოს მდიდარი რუსებისთვის, მაგრამ ამით ომი ხანგრძლივდება. პუტინს ეძლევა მეტი დრო სასიკვდილო ზონებში მეტი ღარიბი ხალხის გასაგზავნად.
ასე რომ, რუსეთის შემოსავლები უნდა დარჩეს სამიზნედ.
რუსეთის საბიუჯეტო დეფიციტი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე რომელიმე წელს ყოფილა და რუსეთის რეგიონების უმრავლესობა უკვე გაკოტრებულია.
ამ ზაფხულს რუსეთი გეგმავდა მსხვილ ოპერაციებს ფრონტზე. ყველა მათგანი ჩავარდა.
რუსეთის ფსონმა ფრთოსან რაკეტებსა და „შაჰედებზე“ ისე არ გაამართლა, როგორც პუტინი გეგმავდა.
ისინი ზიანს მოიტანენ, მაგრამ ვერ გაგვტეხენ".
უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ უკრაინა ზრუნავს თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე:
"ჩვენ ვაშენებთ საკუთარ თავდაცვას.
რაც მართლა სირთულეს გვიქმნის ახლა, არის რუსეთის ბალისტიკური რაკეტები და მათი რეაქტიული „შაჰედები“. ირანული ტექნოლოგიები.
უბრალოდ წარმოიდგინეთ: მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ - უკრაინის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ბავშვების წინააღმდეგ უკვე გამოიყენა 2100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.
მათგან 950-ზე მეტი იყო ბალისტიკური რაკეტა.
მიმდინარე წლის 8 თვეში რუსეთმს გამოიყენა 63000 თავდასხმითი დრონი უკრაინის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.
და მათგან 7700-ზე მეტი იყო რეაქტიული „შაჰედები“.
მართლაც დამანგრებელი და ძალიან საშიში იარაღი.
უბრალოდ წარმოიდგინეთ - რუსები რეაქტიულ „შაჰედებს“ უშვებენ ყოველ საათში".
პრეზიდენტი ზელენსკი განმარტავდა, რომ რუსეთის სტრატეგიის ნაწილია შექმნას საფრთხის სიახლოვის განცდა საათობრივად, გაართულოს ეკონომიკის მუშაობა და გაანადგუროს ადამიანების ცხოვრება:
"თქვენი ქვეყანა ამას გაუძლებდა. ღმერთმა დაგიფაროთ, რამე მსგავსის პირისპირ აღმოჩენისგან.
უკრაინამ გაუძლო".
უმთავრეს საკითხებს შორის, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ილაპარაკა ანტიბალისტიკურ თავდაცვაზე, უკრაინის მიერ საკუთარი სამხედრო წარმოების განვითარებაზე:
"ჩვენმა სამხედროებმა უკვე წარმატებით გამოსცადეს ჩვენი ოთხი ახალი რეაქტიული გადამტაცი დრონები რუსეთის რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ.
ვზრდით ჩვენს წარმოებას და რა თქმა უნდა, შევქმნით ამ საფრთხეებისგან დაცვის საშუალებების.
ჩვენს პარტნიორებთან ერთად წამოვიწყეთ ჩვენი ანტიბალისტიკური პროგრამა.
ათი ქვეყანა უკვე ჩართულია მასში: უკრაინა, ნორვეგია, შვედთი, დანია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ნიდერლანდის სამეფო. გასულ კვირაში მოვიწვიე პოლონეთი.
ჩვენი FREYJA-ს პროგრამა არ ანაცვლებს გამოცდილ და ეფექტიან სისტემებს, მაგალითად „პეტრიოტის“ სისტემებს ან განახლებულ ანტიბალისტიკურ SAPMT/T სისტემებს.
გვინდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლის წარმოებაც შესაძლებელი იქნება მასობრივად და შედარებით დაბალ ფასად, რომელიც შესაძლოა იქცეს უკრაინის ა და ევროკავშირის თავდაცვის განუყოფელ ნაწილად".
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნებისთვისაც კი რთულად საშოვნელია რაკეტების გადამტაცი ტექნიკის შეძენა, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო.
"ეს ომი უკრაინელებს არ აურჩევიათ.
ჩვენ ავირჩიეთ არ მოვკვდეთ, არ დავკარგოთ ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, არ დავკარგოთ დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება.
...როცა რუსეთმა ეს ომი დაიწყო, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს უკრაინული შორი მანძილის დრონები მიაღწევდა მის ქარხნებს, სამხედრო ქარხნებს, სადღაც ციმბირში და იამალის ნახევარკუნძულძე, ჩვენი საზღვრიდან ათასობით კილომეტრზე.
ვერც ერთი რუსი მაღალჩნოსანი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ "არმიის გენერალი ზამთარი", რომელიც საუკუნეებია, რუსეთის მხარეს იბრძვის, ერთ დღეს მხარეს შეიცვლიდა და რუსეთისგან თავდაცვაში დაუჭერდა მხარს.
ამას გავაკეთებთ ამ ზამთარს, თუ რუსეთი გააგრძელებს ჩვენი ენერგოსისტემისა და გათბობის სისტემის მიზანში ამოღებას".
გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლისას უკრაინის ლიდერმა ილაპარაკა ხელოვნური ინტელექტის ბრძოლის ველზე სულ უფრო მეტად გამოყენების ზრდის ტემპსა და სულ რაღაც ერთი წლის პერსპექტივაში ტექნოლოგიური ცვლილების მოსალოდნელ მასშტაბზე. ეს არგუმენტი მის გამოსვლაში იყო ერთ-ერთი, რატომაც არის მნიშვნელოვანი ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.
radiotavisupleba ახალი ამბები