უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ივნისს ილაპარაკა უკრაინის არმიის მიერ წინა ღამით მოსკოვზე მიტანილ იერიშებზე და აღნიშნა, რომ დროა რუსეთის მოქალაქეები "გამოფხიზლდნენ" და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის განხორციელება დაიწყონ, რათა მან შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი.
ზელენსკის თქმით, პუტინზე ზეწოლა უნდა განახორციელონ არა მხოლოდ უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა, არამედ "რუსებმაც". მისი თქმით, მთავარია ის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა იგრძნონ: ომი სურს ერთ კაცს, პრეზიდენტ პუტინს, ხოლო ამის საფასურს ქვეყნის მთელი მოსახლეობა იხდის.
მანამდე ზელენსკი იმაზე ლაპარაკობდა, რომ, მისი მონაცემებით, რუსეთის საზოგადოების 60 პროცენტი უკვე აპროტესტებს ომს - თუმცა პუტინის გარემოცვაში არიან ესკალაციას მომხრე ფიგურები.
უკრაინის დრონების შეტევების შედეგად სამ დღეში მეორედ დაზიანდა მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო. თავდასხმას მოჰყვა ავიაკავშირის მასშტაბური დარღვევა, მოსკოვში გზების გადაკეტვა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე ობიექტი, მათ შორის მსხვილი სავაჭრო ცენტრი და მოსკოვის შემოგარენში მდებარე საცხოვრებელი სახლები. გავრცელდა ცნობები 17 დაშავებულის შესახებ.
ზელენსკიმ ამ დარტყმებს უწოდა უკრაინის "აბსოლუტურად სამართლიანი" პასუხი რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმებზე, მათ შორის კიევზე. ერთ-ერთ თავდასხმას მოჰყვა ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრაში - მაშინ ზელენსკი ამბობდა, რომ ამას უკრაინა უპასუხებდა, და ახლა ის აცხადებს, რომ ეს პასუხი გაიცა.
"თქვენ ყოველივეს ხედავთ: მიუხედავად საჰაერო თავდაცვის სამი რკალისა, რომლებიც მოსკოვშია, ჩვენ ვამბობდით, რომ მათ დავარტყამდით. თუ პუტინს არ სურს ამ ომის დასრულება, თუ სურს ეს გააგრძელოს, ჩვენ ჩუმად არ ვისხდებით და ამას პასუხს გავცემთ" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის თქმით, უკრაინას არასდროს არ სურდა ომი, მაგრამ რუსებმა უნდა გაიგონ: "თუ უკრაინა ცეცხლში იქნება, ცეცხლში იქნება თქვენი მოსკოვიც".
ზელენკის განცხადებები მოჰყვა დიდი შვიდეულის (G7) სამიტს მისი მონაწილეობით, სადაც მას საშუალება მიეცა გასაუბრებოდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. დიდი შვიდეულის სახელმწიფოების ლიდერები გამოვიდნენ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით - მათ აღნიშნეს, რომ ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება. ამ ვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთზე გრძელი რადიუსით მიტანილი დარტყმები.
რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია მოსკოვზე განხორციელებული დარტყმების შესახებ. პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი ოთხშაბათს აცხადებდა, რომ ნარატივი, თითქოს უკრაინას ომში წარმატება აქვს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

6 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·