უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინისა და პარტნიორების სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ პირადად პუტინს უნდა ომის გაგრძელება, მისი საზოგადოების უდიდესი ნაწილი კი ომის შეჩერებას დათანხმდებოდა. 31 აგვისტოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ესაუბრა, რომლებიც მოსკოვთან მორიგი კომუნიკაციისთვის ემზადებიან:
"სულ ახლახან ვესაუბრე ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ისინი ემზადებიან რუსეთის მხარესთნ შეხვედრებისა და შესაბამისი კომუნიკაციისთვის, უკრაინაში ვიზიტამდე. ვიმსჯელეთ ჩვენს პოზიციებზე. სტივსა და ჯარედს მივაწოდე ინფორმაცია აქ, უკრაინაში ვითარების ცვლილებაზე - ფრონტსა და რუსეთის თავდასხმების მხრივ. ვიმსჯელეთ, რისი გაკეთება შეიძლება, რაც რუსეთს ომის დასრულების კურსისკენ უბიძგებდა.
საჭიროა, რომ მოსკოვს, პუტინს შესაბამისი განწყობა ჰქონდეს - დასრულების განწყობა და არა - ომის. ახლა, სანამ, სამწუხაროდ, როგორც ჩვენი, ისე პარტნიორების დაზვერვის ყველა მტკიცებულება - რუსეთიდან მომდინარე ყველა სიგნალი ისეთია, რომ პირადად რუსეთის ლიდერს უნდა კიდევ ომი - მაშინაც კი, როცა, სხვათაშორის, მისი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დაპირისპირების ხაზთან ომის შეჩერებაზე თანახმა იქნებოდა. ვნახავთ, რა გამოუვათ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებს. სექტემბერმა შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს და საჭიროა, რომ ჩვენ პარტნიორებთნ ერთდ ყველაფერი გავაკეთოთ ადამიანების დასაცავად, სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობისთვის".
ორშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოისმინა არმიის მთავარსარდლისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებზე, ე.წ "დიპსტრაიკებზე" და მომდევნო ნაბიჯებზე. უკრაინის პრემიერმინისტრთან და დიპლომატიურ გუნდთან ერთად კი განიხილა სექტემბრის ღონისძიებები:
"ბევრი რამ არის დაგეგმილი და ყველა შეხვედრა, ყველა მოლაპარაკება უნდა იგრძნობოდეს აქ, უკრაინაში და ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებში, დამატებით ენერგოპაკეტებში უკრაინისთვის. პოლიტიკურ დონეზე ლიდერებთან უკვე მიღწეულია სავსებით კონკრეტული შეთანხმებები და საჭიროა მათი შესრულება ჩვენი ქვეყნების სამინისტროების, საწარმოების დონეზე. ეს ეხება კანადას, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიას, შეერთებულ შტატებს".
უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან და სხვა მნიშვნელოვან პარტნიორებთან მიღწეული "წონადი შეთანხმებების" შესრულებას სჭირდება მკაფიო აუდიტი იმისა, "რა არის უკვე მიღწეული პოლიტიკურ დონეზე და ამ დრომდე ფაქტობრივად არ შესრულებულა. თითოეულ სამინისტროს უნდა ჰქონდეს ამაზე მკაფიო ანგარიში და ეს ეხება სახელმწიფო კომპანიებსაც, უპირველეს ყოვლისა ენერგოკომპანიებს".
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზამთრამდე საჭიროა მხარდაჭერის მაქსიმალური მობილიზაცია:
"დღეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ოლქებისა და თემების მედეგობის გეგმებზე. საბჭო სრულიად მკაფიოდ აანალიზებს რომელ ამოცანებს რომელი რეგიონები თუ ქალაქები არ ასრულებენ დროულად და თითოეული ასეთი მიმართულებით არსებობს საბჭოს მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს".
გასულ კვირაში მოსკოვში იმყოფებოდა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი. მისი ვიზიტის დღის წესრიგზე დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ერთ-ერთი, ვინც რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, უკრაინის პრეზიდენტი იყო. ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელის ვიზიტიდან სამ დღეში, 28 აგვისტოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული მხარისგან მიიღო ინფორმაცია მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე:
"გმადლობთ ინფორმაციისთვის და რუსეთთან საუბრისთვის აუცილებელი ტონისთვის. ვაფასებთ თქვენი ნაბიჯების შეთანხმებულობას და ფაქტს, რომ ამერიკა მისდევს რეალისტურ ხედვას იმისა, რისი გაკეთებაა საჭირო და რა უნდა იყოს მიღწეული. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი და ყველა აუცილებელი პირობა უნდა შეიქმნას, რომ ეს მოხდეს".
radiotavisupleba ახალი ამბები