WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ერთ-ერთი ყველაზე უნამუსო დარტყმა“ უწოდა რუსეთის მასირებულ კომბინირებულ შეტევას, რომელსაც მოჰყვა მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

7 ოქტომბერს ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „რუსებს სურდათ მტკივნეული და საჩვენებელი დარტყმა“ და „დღეს პუტინს დაბადების დღეზე რუსულმა არმიამ „აჩუქა“ სახლის განადგურება პრილუკიში“, სადაც სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა 26, მათ შორის 5 ბავშვი.

7 ოქტომბერს პუტინი 74 წლის გახდა.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად ხუთი მრავლბინიანი სახლი დაზიანდა დნეპრში, ოთხი - კრემენჩუგში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა. დრონმა მრავალბინიანი სახლი დააზიანა ზაპოროჟიეშიც. კიევში დაღუპულია ორი ადამიანი. ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ინფრასტრუქტურას დაარტყეს კიევში და 12 ოლქში, სადაც ძირითადი სამიზნე ენერგეტიკა იყო.

ზელენსკის თანახმად, უკრაინის ძალებმა რუსული ბალისტიკური რაკეტების მხოლოდ ნაწილის მოგერიება შეძლეს, „რუსული ბალისტიკა“ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება და უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის საშუალებები.

7 ოქტომბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ობიექტებს.

ეს სამინისტრო, როგორც წესი, არაფერს ამბობს სახლების და სხვა სამოქალაქო ობიექტების ნგრევასა და მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში.