WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

"ფაქტობრივად, რუსები უკვე შეუდგნენ დამატებით მობილიზაციას - ისინი ზრდიან ხალხის რაოდენობას, რომელსაც სხვადასხვა მეთოდით აგროვებენ. აპირებენ აგრეთვე უცხოელების რეკრუტირების გაზრდას და მნიშვნელოვანია, რომ ის ქვეყნები, რომლებიდანაც რუსეთი თავისი არმიის რიგებს ავსებს, შეეწინააღმდეგონ ამას. ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით თითოეული ასეთი ქვეყნის მთავრობას. გვაქვს ახალი მონაცემები რუსეთში სამხედროების შეყვანაზე ჩრდილოეთ კორეიდან", - განაცხადა 28 სექტემბრის დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კრემლის შემდგომი ნაბიჯების შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ახლა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება ჩრდილოეთ კორეის რვა ათასი სამხედრო. გარდა ამისა, მიმდინარეობს მზადება კიდევ ათი ათასი ჯარისკაცის განთავსებაზე - მიმდინარეობს მათი შერჩევა წვრთნისთვის და რუსეთში გადასროლისთვის. რუსეთი ამის საფასურს იხდის, მათ შორის - ტექნოლოგიით:

"რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში შეიქმნა „შაჰედის“ ტიპის მოიერიშე დრონების წარმოება. ასე ვრცელდება ბოროტება და ასე ვრცელდება მსოფლიოს ერთ ადგილას სიცოცხლისთვის არსებული საფრთხე მსოფლიოს სხვა ნაწილზე. ამასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი. დღეს მსოფლიოში ბევრი ლაპარაკობს რუსეთის ამ ტერორზე, რუსეთსა და ყველა იმათ შორის თანამშრომლობაზე, ვინც უზრუნველყოფს მეტ კვლას. საჭიროა ამასთან შეწინააღმდეგება".

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დიდი ხანია, არ ყოფილა ეფექტიანი მსოფლიო სანქციები რუსეთზე, რისი უზრუნველყოფაც მისი სიტყვებით, შესაძლებელია "ლინდსი გრემის კანონით", ევროკავშირის სანქციებით და გლობალური სანქციებით:

"მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები იაზრებდნენ: ისინი უნდა დადგნენ უკრაინელების გვერდით, როცა ასეთი რაღაცები ხდება და უნდა დაეხმარონ მათ - კონკრეტული პაკეტებით და კონკრეტული გადაწყვეტილებებით, რომ უკრაინამ მოახერხოს გაძლება და როცა დრო მოვა, თავად შეძლოს დახმარების გაწევა".

პრეზიდენტ ზელენსკის არ აკმაყოფილებს რუსეთის მიერ გაშვებული დრონების ჩამოგდების ეფექტიანობის ხარისხი, რასაც, როგორც ამბობს, განაპირობებს სულ უფრო მეტი რეაქტიულძრავიანი დრონის გამოყენება რუსეთის მიერ:

"28 სექტემბერს 120 დრონით განახორციელა დარტყმები რუსეთმა, მათ შორის 90 რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის ცხრა ადამიანია დაღუპული, 80-ზე მეტი დაშავდა. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში ნანგრევების ქვეშ ერთ ადამიანს ჯერაც ეძებენ. ვოლოდიმირ ჰორბულინის თანაშემზე დაიღუპა. თავად დაშავდა და ახლა სახლშია. აკადემიის რამდენიმე სართული, ძირითადი ნაწილი განადგურებულია".

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, ორშაბათს მთლიანობაში დრონების ჩამოგდების მაჩვენებლი იყო 70%, მაგრამ ცალკე რეაქტიულძრავიანი „შაჰედების“ ჩამოგდების დონე ბევრად დაბალი - 57%-ია ამ დროისთვის:

"ახალი გადამჭერები აქტიურად იტესტება. საბრძოლო დაჯგუფებების ნაწილი მათ უკვე იყენებს, თუმცა ზოგიერთი დეტალი დასახვეწია საკმარისი ეფექტიანობისა და საკმარისი მასობრიობის მისაღწევად. ამ ტექნიკის შემმუშავებლებს ვაჩქარებთ. ყოველ კვირაში უნდა იყოს ჩამოგდების მეტი კონკრეტული შედეგი გადაჭერის ხაზებზე".

ზელენსკის თქმით, რუსეთის მორიგი დარტყმა "აჩვენებს რუსეთის ომისა და უფრო ფართოდ - რუსეთის სახელმწიფოს სრულ სიჩლუნგეს. მორიგმა რეაქტიულმა დრონმა დაარტყა საავადმყოფოს შენობას კიევში. დნიპროში - სასტიკი დარტყმა ბიზნესცენტრზე და ოდესაში დარტყმა ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობაზე. დარტყმები იყო აღმოსავლეთ ურკაინაში - სუმისა და ხარკოვის ოლქებში. ერთ-ერთმა რეაქტიულძრავიანმა დრონმა პოლონეთთან საზღვრამდე მიაღწია".

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ წლის ბოლომდე 100%-ით უნდა შესრულდეს თავდაცვის შეკვეთები, რომლებიც პარტნიორების ფულით ხორციელდება.

28 სექტემბერს უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე და ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმსჯელეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელზეც მოისმინეს ანგარიში ევროკავშირის თავდაცვით მზადყოფნაზე. ამავე დღეს ევროკავშირმა დაამტკიცა პირველი ხუთი პროექტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების საერთო თავდაცვით ინტერესს მოემსახურება.