WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6 ოქტომბერს, დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა გაფრთხილება რუსეთისგან მოსალოდნელ მასირებულ თავდასხმაზე, მოქალაქეებს საჰაერო განგაშისადმი მეტი სიფხიზლისკენ, პარტნიორებს კი საჰაერო თავდაცვაში მეტი დახმარებისკენ მოუწოდა:

"ძალიან გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით. თუ შეიძლება, ირეაგირეთ სარაკეტო საფრთხის სიგნალებზე. უკრაინის სამსახურები, ჩვენი საჰაერო ძალები მზად არიან რეაგირებისთვის ისე, როგორც ამის საშუალებას იძლევა ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები.

ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე - თითოეულ ლიდერზე და მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაზე, რომელსაც აქვს საშუალებები, რომლებიც გვჭირდება და შეუძლია მათი მოცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის არსებობდეს პოლიტიკური ნება - კერძოდ, შეერთებულ შტატებში, კერძოდ ევროპაში, სხვა პარტნიორ ქვეყნებში. მსოფლიო გაცილებით დიდია, ვიდრე რუსული ბოროტება და სიცოცხლის დაცვა საერთო პასუხისმგებლობა უნდა იყოს".

უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე რუსეთის თავდასხმაზე:

"ჩვენი დაზვერვისა და სპეცსამსახურები ახლა მუშაობენ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე მორიგი თავდასხმის შესახებ ყველა არსებული ინფორმაციის დასადგენად. გასულ ღამეს ბულგარეთის წყლებში ორ სამოქალაქო გემზე მოხდა თავდასხმა. ერთი ჩაიძირა, მეორე გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა. თანავუგრძნობთ ყველას, ვინც დაზარალდა. უკრაინის თავდაცვის ძალებს ზღვის აღნიშნულ არეალში ოპერაციები არ განუხორციელებია და სამოქალაქო გემებთან დაკავშირებული ეს ბოლო ტრაგედია არის რუსეთის მორიგი მცდელობა შავი ზღვის დასავლეთი ნაწილი აქციოს სრულიად გამოუსადეგრად ნავიგაციისთვის.

ყველა დეტალი დავაზუსტეთ ბულგარეთის მხარესთან. ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები დაუკავშირდნენ ბულგარელ კოლეგებს და დადგინდა, რომ ეს იყო რუსეთის კომბინირებული თავდასხმა საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვას და სხვა სამსახურებს დავავალე მაქსიმალური კოორდინაცია ჰქონდეთ პარტნიორებთან, რომ მათაც და ჩვენც გვქონდეს თავდაცვის მეტი შესაძლებლობა".

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახსენა წინა დღით რუმინეთის წყლებში განხორციელებული თავდასხმაც:

"წინა დღეს გემზე თავდასხმა იყო რუმინეთის წყლებში; ახლა ბულგარეთში. ეს არის სწორედ, რასაც რუსები გეგმავენ - მუდმივად გაზარდონ ესკალაცია. მათი დრონები გამუდმებით შეფრინდება ხოლმე მოლდოვაში. ეს არ არის პირველი თავდასხმა გემებზე შავ ზღვაში, ჩვენი პარტნიორების წყლებში. გრძელდება თავდასხმები ჩვენს პორტებზე. უნდა იყოს მკაფიო რეაქცია რუსეთის ამ აგრესიულობაზე. საჭიროა სრულიად მკაფიო საპასუხო ქმედება".

უკრაინის პრეზიდენტმა 6 ოქტომბერს დამატებითი დავალებები განუსაზღვრა უკრაინელ მწარმოებლებს, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის ელექტრონული საშუალებების წარმოებისა და მათი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად გამოყენების კუთხით. ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული "შაჰედების" მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ უკრაინის თავდაცვის ელექტრონული სისტემებით ნეიტრალდება.

რუსეთიდან მოსალოდნელი მასირებულ თავდასხმაზე უკრაინის დაზვერვის განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ოქტომბერს, შუადღისას განაცხადა.