რუსეთში საქველმოქმედო ფონდისა და ბავშვთა ჰოსპისის „სახლი შუქურით“ თანადამფუძნებლის, ლიდა მონიავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ამის შესახებ 6 ოქტომბერს მისი მხარდამჭერი ჯგუფი იტყობინება.
მათი ცნობით, გამოძიებამ საქმე დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო შეწყვიტა. გადაწყვეტილების შესახებ მონიავას ადვოკატ მიხაილ ბირიუკოვს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელმა აცნობა.
მონიავა 2 სექტემბერს დააკავეს რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების ბრალდებით. საქმის საფუძველი გახდა 2023 წელს ტელეგრამში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ის, გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით, უკრაინაში ომის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე წერდა.
დაკავების შემდეგ სასამართლომ მონიავას გარკვეული მოქმედებები აუკრძალა, მათ შორის ღამით სახლიდან გასვლა და ინტერნეტით სარგებლობა. მის დაკავებას ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა.
ლიდა მონიავა მოსკოვის ბავშვთა ჰოსპისის „სახლი შუქურით“ თანადამფუძნებელია. 2018 წლიდან ის ამავე სახელწოდების საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა.
6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მონიავა ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებდა. გადაწყვეტილება მან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას დაუკავშირა და განაცხადა, რომ სურდა, ჰოსპისს მისი მონაწილეობის გარეშეც გაეგრძელებინა მუშაობა.
radiotavisupleba ახალი ამბები