ზელენსკი: რუსეთმა ეს დღე დაიწყო არა მეორე მსოფლიო ომში დაცემულთა ხსოვნისთვის პატივის მიგებით, არამედ - მორიგი, ყოვლად გაუმართლებელი ხოცვით

2 hours ago 2

"რუსეთმა დღევანდელი დღე დაიწყო არა მეორე მსოფლიო ომში დაცემულთა ხსოვნისთვის პატივის მიგებით და არა გზავნილებით, რომლებიც მიმდინარე ომის - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას მოაახლოებდა, არამედ, ამის ნაცვლად, მან ეს დღე დაიწყო მორიგი, ყოვლად გაუმართლებელი ხოცვით".

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღწერს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 22 ივნისს განხორციელებული დარტყმების შედეგებს:

"სუმის ოლქში რუსეთის დრონმა მოკლა ერთი ოჯახის ბავშვი, ბებია და მამა. იმავე ოჯახის დედა და კიდევ ორი ბავშვი დაჭრილია. მათი სახლი განადგურებულია. ჩვეულებრივი სახლი - არანაირ სამხედრო სამიზნეს არ წარმოადგენდა. ზაპოროჟიეში, გასულ ღამეს, ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის დარტყმების შედეგად, შვიდი დაიჭრა. სამწუხაროდ, მსხვერპლია ოდესის ოლქშიც. დარტყმები განხორციელდა ხერსონის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებზე. რუსეთმა კვლავ დაარტყა ენერგოინფრასტრუქტურას ჩერნიგოვის ოლქში".

ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ დღევანდელი თარიღი უკრაინას კიდევ ერთხელ შეახსენებს მშვიდობის მნიშვნელობას:

"დღეს - ისევე, როგორც ყოველი წლის 22 ივნისს, რუსეთში ბევრს და მაღალფარდოვნად ილაპარაკებენ მეორე მსოფლიო ომზე, მის ყველაზე სისხლისმღვრელ მონაკვეთზე - ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირში შეჭრაზე. ეს არის დრო, რომელიც უკრაინას ყოველთვის შეახსენებს მშვიდობის მნიშვნელობას და როცა პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლს. ეს იყო მეოცე საუკუნის ის მონაკვეთი, რომელსაც სამუდამოდ უნდა შეეცვალა თითოეული სახელმწიფო და მთლიანად მსოფლიო - უმაღლეს ფასეულობად ექცია თავად სიცოცხლე. არ იქნებოდა მსოფლიო ომები, იმ ეპოქის ლიდერებს ადამიანის სიცოცხლის ფასეულობით რომ ეხელმძღვანელათ და არა თავიანთი იმპერიული ილუზიებით".

უკრაინის პრეზიდენტი კვლავ იმეორებს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს:

"პუტინზე, რუსეთზე უნდა განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს ღირსეული მშვიდობითა და ადამიანის სიცოცხლის რეალური, გარანტირებული დაცვით. უკრაინამ წარმოადგინა ყველა წინადადება დიპლომატიისთვის.

აგრესორზე კოლექტიური ზეწოლით, უნდა მივიყვანოთ რუსეთი იმ წერტილამდე, სადაც მას დიპლომატიისა და ომის დასრულების იქით გზა აღარ ექნება".

რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ მეხუთე წელია მიმდინარეობს. სხვადასხვა მონაცემებით, მას ასობით ათასი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან ომის დასრულებაზე პირისპირ მოლაპარაკებების გამართვის არაერთი შეთავაზების (მათ შორის, ივნისის დასაწყისში გამოქვეყნებული ღია წერილით) მიუხედავად, ვლადიმირ პუტინი უარს აცხადებს ომის შეჩერებაზე და მოლაპარაკებებისთვის პირობებად კვლავ უკრაინის მიერ ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმასა და კრემლის მიერ რუსეთის ტერიტორიებად გამოცხადებული უკრაინის ოლქების დათმობას აყენებს.

სრულად წაკითხვა