რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე დარტყმისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტებთან, „ცირკონებთან“ ერთად გამოიყენეს ჩრილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტები. ეს 11 აგვისტოს სოციალურ ქსელებში დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
მან სამძიმარი გამოუცხადა ზაპოროჟიეში დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 11 აგვისტოს ზაპოროჟიეში დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი და 19 დაიჭრა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაზრდა, ჩრდილოეთკორეული საშუალებების ჩართვა და მობილიზაციისთვის მზადება აჩვენებს, რომ მოსკოვი ემზადება არა მშვიდობის, არამედ ესკალაციისთვის.
ზელენსკის თანახმად, მსოფლიოს მხრიდან რეაგირება ახლავე უნდა იყოს - სანქციებით მეტი ზეწოლა საწარმოებზე, რომლებიც რუსეთის ომზე მუშაობენ და საჰაერო თავდაცვის სისტემებით უკრაინის მეტი დახმარება.
10-დან 11 აგვისტოს ღამით რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს გარდა რაკეტებით დაარტყეს უკრაინის დედაქალაქ კიევს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 აგვისტოს დილით ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში კიევსა და ზაპოროჟიეში დაარტყეს „სამხედრო მრეწველობის საწარმოებს და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრებს", კერძოდ, კომპანია „ნოვა პოშტას“ ტერმინალს და საოფისე-სასაწყობე კომპლექს „სან-პარკს“ კიევში და მეტალურგიულ კომბინატს ზაპოროჟიეში.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 11 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს და კიევს შეუტიეს ბალისტიკური რაკეტებით(Искандер-М/KN-23), გემსაწინააღმდეგო რაკეტებით(Циркон) და 120 უპილოტო საფრენი აპარატით. საჰაერო ძალების სარდლობას რაკეტების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ 98 დრონის მოგერიება შეძლეს.
radiotavisupleba ახალი ამბები