WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოვიდა პირობით, რომ გააძლიერებს საფრანგეთის წარმოებული აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინისთვის - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აგვისტოს, სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში არსებული დეფიციტი.

ზელენსკის თქმით, მაკრონთან საუბარი თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მაკრონმა გამოთქვა სურვილი უკრაინის სახელით იშუამავლოს მოკავშირეებთან, რომლებსაც აქვთ აშშ-ის წარმოების Patriot-ის სისტემების გადამტაცების მარაგები.

სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინის არსენალში არის ერთადერთი იარაღი, რომლითაც შესაძლებელია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული, მაღალი სიჩქარის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება.

რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გაძლიერების ფონზე, ზელენსკიმ რამდენჯერმე მიმართა მოკავშირეებს ამ სისტემის გადამტაცებით მომარაგების თხოვნით, რადგან უკრაინას გადამტაცების დეფიციტი აქვს.

რუსეთის იერიშებს უკრაინა პასუხობს დარტყმებით ეკონომიკურ სამიზნეებზე, რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შაბათს უკრაინის მიერ წარმოებულ ამ კამპანიას უწოდა "პანდორას ყუთი" და დასძინა, რომ მოსკოვი დარტყმებს განახორციელებს უკრაინის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებზე.

ამავე დროს, უკრაინა ელოდება იტალიურ-ფრანგული წარმოების SAMP/T-NG-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს - რომლითაც, ექსპერტთა შეფასებით, შესაძლებელი იქნება ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, თუმცა ეს სისტემები ჯერჯერობით ბრძოლის ველზე არ გამოუცდიათ. ევროპელი დიპლომატები უწინ ამბობდნენ, რომ ეს სისტემა უკრაინაში ჩავა არაუადრეს მომავალი წლის გაზაფხულისა.

"შევთანხმდით საფრანგეთის ბოლო წარმოების აღჭურვილობის და რაკეტების მიწოდების გაძლიერებაზე" - წერს ზელენსკი ტელეგრამით, დეტალების გარეშე. "გმადლობთ რომ დაადასტურეთ მზაობა ლიცენზია გასცეთ რაკეტების წარმოებისთვის" - დასძენს უკრაინის პრეზიდენტი.

მაკრონი პლატფორმაზე X წერს, რომ ზელენსკის გაუზიარა თავისი "შეძრწუნება და ღრმა ემოცია" რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის გამო კრივოი როგის სავაჭრო ცენტრზე, რასაც შეეწირა სულ მცირე 16 ადამიანი, დაიჭრა 130-მდე პირი.