"რუსეთს შეიძლება გაუმკლავდე მხოლოდ ძალით და ერთსულოვნებით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 22 სექტემბერს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც საათსაც არ გაგრძელებულა, ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, მთავრობის სხვა წევრები, აგრეთვე პრეზიდენტ ტრამპის მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, რომ დეტალურად ისაუბრეს პრობლემებზე:
"როგორ დავასრულოთ ომი - ესაა პრიორიტეტი. ჩვენ მზად ვართ. არ ვიცი, რუსეთი არის თუ არა მზად".
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტისთვის, თუმცა ის რუსეთისგან მომდინარე თავდასხმებზე საპასუხოდ ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ენერგოობიექტებზე და თუ მოსკოვი შეაჩერებს უკრაინის ელექტროსისტემასა და გათბობის სისტემაზე დარტყმებს, კიევიც შეწყვეტს ენერგოობიექტებზე დარტყმებს:
"არ ვიცი რუსეთის პოზიცია. ღმერთმა ქნას, ამერიკულმა მხარემ გამონახოს გზას, რომ რამე სახის მოლაპარაკებებზე წამოიყვანოს რუსეთის მხარე. არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ რამე მოლაპარაკებისთვის არიან მზად".
უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის 23 სექტემბრის შეხვედრაზე რუსეთის მოლაპარაკებებზე დაყოლიებასაც შეეხება საუბარი:
"სის აქვს ზეგავლენა პუტინზე. ამ ომის დასრულებაზე ყველამ უნდა იმუშაოს 24 საათი. არა მხოლოდ უკრაინელებმა".
უკრაინისა და ამერიკის ლიდერების შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის ზამთრის საჭიროებები და კიდევ ერთხელ იმსჯელეს უკრაინის "პეტრიოტის" რაკეტებით უზრუნველყოფის საკითხზე.
პრეზიდენტ ზელენსკის განმარტებით, ომი იქნება თუ არ იქნება, მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინას სჭირდება "პეტრიოტის" რაკეტების საკუთარი წარმოება და ამისთვის კი ლიცენზიის მიღება ამერიკელებისგან. ის ღიად აცხადებს, რომ ამ საკითხზე სხვა ქვეყნებთანაც მუშაობს, მაგრამ აშშ არის ფოკუსში. 22 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს ჰქონდა შეხვედრა "პეტრიოტის" სისტემის რაკეტების მწარმოებელ Raytheon-თან შეხვედრა. ზელენსკიმ ისიც დააზუსტა, რომ უკრაინის მიერ საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემების წარმოების პარალელურადაც დასჭირდება "პეტრიოტის" რაკეტების წარმოება.
ამ დროისთვის უკრაინამ გერმანიასთან მოაწერა ხელი 600 "პეტრიოტის" რაკეტის მიღებაზე და ეს ეხება 2027-2028 წლებს.
რაც ეხება ომის დასრულების თემას, უკრაინის ლიდერს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, თუკი დონალდ ტრამპი მოახერხებს სამმხრივი მოლაპარაკებების მოწყობას:
"მას [ტრამპს - რ.თ.] სურს ომის დასრულება. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ომის დასრულების ხელშეწყობისთვის.
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება, რისი გაკეთებაც პრეზიდენტს შეუძლია (იმ საკითხების ჩათვლით, რომლებიც მე დღეს წამოვჭერი), არის სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება, სადაც ლიდერებს შეეძლებათ დააყენონ ყველა მგრძნობიარე საკითხი და შეეცადონ ომის დასრულებას".
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან 22 სექტემბრის შეხვედრის შემდეგაც დაადასტურა პუტინთან სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა:
"მე მზად ვარ. ნებისმიერ დროს მზად ვარ, როცა ყველა მხარე მზად იქნება. მიმაჩნია, ყველამ უნდა ვიმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად.
თუ ომის დასრულება გინდა, ომს არ იწყებ, მაგრამ, კარგით, უკვე ვართ ამ რთულ სიტუაციაში... თუ გინდა პრობლემის მოგვარება, აგვარებ. თუ ომის დასრულება გინდა, ასრულებ. თუკი ლაპარაკობ დიალოგის გზით ომის დასრულებაზე, ეს ნიშნავს, რომ უნდა შეხვდე და გქონდეს დიალოგი.
გინდა ომის დასრულება? - დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე".
ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიფინგზე რამდენჯერმე მოუწია ენერგოობიექტების დაბომბვის თემაზე პასუხის გაცემა. ერთ-ერთი ასეთი იყო:
"თუ ის განახორციელებს თავდასხმებს, ჩვენ ვუპასუხებთ. აქამდე რომ არ გვეპასუხა, მერწმუნეთ, სრულად დაგვიპყრობდა.
ჩვენი ძლიერი მხარეა, რომ არ ვართ სუსტები, ყველა სირთულის მიუხედავად".
შეხვედრის დაწყებამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი, თავიანთ გუნდებთან ერთად გამოჩნდნენ მედიასთან. შეკითხვებს ძირითადად აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობდა. მანამდე კი უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს და მადლიერება გამოხატა ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიული მხარდაჭერის გამო „ლინდსი გრემის კანონის“ მიღებისას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აგრეთვე იქვე მსხდომ ამერიკელ მომლაპარაკებლებს - ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს, ორი კვირის წინ კიევში ჩასვლისთვის:
„ამ ომის დასრულების იმედი მაქვს და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაგვეხმარება ამ ომის დასრულებაში. მიმაჩნია, რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავაკეთოთ - უმჯობესია ეს ზამთრის დადგომამდე მოხდეს".
ზამთრამდე ომის დასრულების უპირატესობაზე დონალდ ტრამპმა კვერი დაუკრა ზელენსკის: "ზამთრამდე დასრულება დიდი ამბავი იქნება".
აშშ-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთ შეკითხვაზე პასუხისას, ძალიან აქო უკრაინელები:
"ისინი ნამდვილად ძალიან კარგი მებრძოლები არიან, შეუძლიათ იამაყონ საკუთარი თავით იმის მიუხედავად, რა მოხდება. ამას ვნახავთ. თუმცა ძალიან უნარიანი ხალხია, ძალიან უნარიანი ხელმძღვანელობით".
ტრამპმა დაადასტურა ისიც, რომ კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საწვავის მწარმოებელ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები "ძალიან სერიოზული დარტყმაა" რუსეთისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ იცის როდის და სად შეხვდება პუტინს, თუმცა, იცის, რომ მას შეხვედრა სურს.
"არ ვიცი. ვიცი, რომ შემხვდება. უკვე შევხდით ერთმანეთს ალასკაზე. შეგვიძლია კიდევ შევხვდეთ. მაიამიზე არ ვიცი. ძალიან მალე დიდი ამბავი გვაქვს მაიამიში [დიდი ოცეულის სამიტი - რ.თ.], მაგრამ მას სურს შეხვედრა. ის ისურვებდა ომის დასრულებას. ვფიქრობ, ორივეს უნდა ომის დასრულება. ძალიან ბევრი ადამიანი იხოცება და ორივეს უნდა დასრულება".
ტრამპმა აღნიშნა, რომ "დიდებული შეხვედრა ექნება" ჩინეთის ლიდერთან:
"ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას მოსწონს ჩინეთი, მე მომწონს შეერთებული შტატები. მას უყვარს ჩინეთი, მე მიყვარს შეერთებული შტატები. ვნახოთ. ხვალ დიდი ამბავი იქნება. ყველას უნდა იქ ყოფნა".
radiotavisupleba ახალი ამბები