უკრაინა აშშ-ისგან ყოველთვიურად მიიღებს რაკეტებს ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად ბელგრადში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იტყობინებიან „რბკ-უკრაინა“ და „სუსპილნე“.

„შეერთებული შტატები უკრაინას ყოველთვიურად მოამარაგებს Patriot-ის გადამტაცი რაკეტებით. ჩვენ შეთანხმება გვაქვს“, განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მიწოდების მიუხედავად, ეს რაკეტები მაინც არ იქნება საკმარისი ბალისტიკური თავდასხმებისგან ქვეყნის დასაცავად.

პოლიტიკოსმა ივარაუდა, რომ ევროპის ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია და პოლონეთი, შეუძლიათ, რაკეტებით დაეხმარონ კიევს.

უკრაინა უკვე აწარმოებს მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს ნორვეგიასთან, ნიდერლანდთან, ისრაელთან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ზელენსკის განცხადებაზე. მანამდე, Financial Times-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სავარაუდოდ, უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის კომპლექსებისთვის დამატებითი PAC-3 რაკეტების მიწოდებაზე აშშ-ში რაკეტების მარაგების დეფიციტის და ირანთან საბრძოლველად რაკეტების საჭიროების გამო.

მოგვიანებით ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს „სურს, თავად ჰქონდეს რაკეტები“. ამასთან, მან თქვა, რომ აშშ-ის არმიას საკმარისი იარაღი და საბრძოლო მასალა აქვს და რომ ამჟამად ქვეყანა საკუთარი მარაგების შევსებას ახდენს. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, უარი თქვა თუ არა ვაშინგტონმა კიევისთვის Patriot-ისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდებაზე.

1 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ამოეწურა საჰაერო თავდაცვის რაკეტები და ჯარებს რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩაჭერა აღარ შეუძლიათ.