უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარას წარდგენას აპირებს. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში იგი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (სბუ) ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.
ზელენსკის განცხადებითვე, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას დროებით ასევე ხმარა შეასრულებს.
„ევგენი ხმარამ უზარმაზარი, მრავალმხრივ უპრეცედენტო გამოცდილება მიიღო ტექნოლოგიური დარტყმითი ოპერაციების განხორციელებაში. სწორედ ამაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ჩვენმა თავდაცვამ ამ ომში“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მიმდინარე წლის იანვარში ხმარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, სადაც მან ვასილი მალიუკი შეცვალა. თუმცა, მას შემდეგ ზელენსკის მისი კანდიდატურა უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად არ წარუდგენია.
როგორც BBC-ის უკრაინული სამსახური აღნიშნავს, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ შეიძლება ხმარამ უხელმძღვანელოს თავდაცვის სამინისტროს თუნდაც მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, ვინაიდან ამისათვის მთავრობამ იგი ჯერ მინისტრის მოადგილედ უნდა დანიშნოს და უწყების დროებითი მართვის უფლებამოსილება მიანიჭოს.
გარდა ამისა, ხმარა სამხედრო სამსახურში იმყოფება, ხოლო „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, მინისტრისა და მისი მოადგილის პოსტების დაკავება მხოლოდ სამოქალაქო პირებს შეუძლიათ.
„სუსპილნეს“ წყაროების ინფორმაციით, ხმარას ნაცვლად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით მისი პირველი მოადგილე, ოლექსანდრ პოკლადი შეასრულებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე დღეა კიევში საპროტესტო აქციები იმართება ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის პოსტზე დარჩენის მოთხოვნით. მოქალაქეები შეიკრიბნენ ფრანკოს მოედანზე, პრეზიდენტის ოფისის სიახლოვეს ტრანსპარანტებით – „ფედოროვი — თავდაცვის მინისტრად“; „სირსკი გადადგეს!“
16 ივლისს დედაქალაქში გამართული აქცია გვიან საღამომდე გაგრძელდა. აქციები დაიწყო პოპულარული თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგ.
ეს გადაწყვეტილება არის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიციირებული სამთავრობო კაბინეტის მასშტაბური გადახალისების ნაწილი. იმავე დღეს ბრიფინგი გამართა ფედოროვმა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, აღიარა საკუთარი კონფლიქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან.
ფედოროვმა განაცხადა, რომ შვიდი წელია ზელენსკის იცნობს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს „სირსკის მხარე ჯერ კიდევ არ დაუკავებია“. ბრიფინგზე ფედოროვმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი შესთავაზა, თუმცა ამაზე უარი თქვა.
16 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა — თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარეშე. იმავე დღეს ცოტა ხნით ადრე, დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად სერგეი კორეცკი დანიშნეს.

1 week ago
28







English (US) ·
Georgian (GE) ·