უკრაინის დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობდა, ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს.
სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა 4 დეკემბერს გაიმართა. უკრაინელები, რომლებიც რუსეთთან ომში აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ, მაიკ უოლცს და კით კელოგს შეხვდნენ.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს მაიკ უოლცი დანიშნოს მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო კით კელოგი - სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინის საკითხებში.
Reuters-ის წყაროს შეხვედრის დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპის გუნდში სააგენტოს კომენტარზე უარი უთხრეს.
ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. მანამდე, 4 დეკემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერმაკი „მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის" აშშ-ში იმყოფება.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 ინვრიდან შეუდგება, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებას მოლაპარაკებებით აპირებს, თუმცა მისი კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით უცნობია.