უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა, რომლის ცნობითაც, 8 სექტემბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა უსაფრთხოების გარანტიებზე, თავდაცვით მხარდაჭერაზე, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამკაცრებასა და პარტნიორებთან კოორდინაციაზე, განაცხადა, რომ რუბიოს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან დრონებითა და რაკეტებით მუდმივი დარტყმების შესახებ.
„ისინი კლავენ სამოქალაქო პირებს, ბავშვებს, ანგრევენ ჩვენს ინფრასტრუქტურას. მტერმა პირველად შეუტია უკრაინის მთავრობის შენობას - დარტყმა იყო რაკეტა ისკანდერით“, - დაწერა ერმაკმა 8 სექტემბერს, საღამოს ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე.
7 სექტემბერს რუსული დრონებითა და რაკეტებით უკრაინაზე ერთ ღამეში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური შეტევის შედეგად კიევში დაზიანდა მთავრობის შენობაც. თავდაპირველი ცნობებით, შენობას დრონი მოხვდა, თუმცა 8 სექტემბერს უკრაინულმა მედიამ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მინისტრთა კაბინეტის შენობაზე შეტევა იყო ფრთოსანი რაკეტით „ისკანდერი“.
„ისკანდერით“ დარტყმის შესახებ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში კატარინა მატერნოვამაც, რომელმაც 8 სექტემბერს სხვა დიპლომატებთან ერთად დაათვალიერა უკრაინის მთავრობის დაზიანებული შენობა.
8 სექტემბერს, გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, სანქციების პოლიტიკის უფლებამოსილმა პირმა ვლადისლავ ვლასიუკმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დააზუსტა, რომ კიევში, მთავრობის შენობას მოხვდა ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერის“ ნაწილი.
ვლასიუკის თანახმად, რუსული რაკეტის საბრძოლო ნაწილმა არ იმუშავა, რაც წინასწარი მონაცემებით, მისი მოგერიების შედეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თანახმად, ზუსტი პასუხები იქნება.
ვლასიუკმა ხაზი გაუსვა, რომ ანალოგიური „ისკანდერი“, რომელიც გამოიკვლიეს, რუსეთსა და ბელარუსში წარმოებული კომპონენტების გარდა, შეიცავდა ამერიკული წარმოების 35 კომპონენტს და იაპონური, ბრიტანული და შვეიცარიული წარმოების კომპონენტებს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ინფორმაცია პარტნიორებს მიაწოდეს სანქციებით რეაგირების მიზნით.