ზუგდიდში საპროტესტო აქციები გრძელდება

3 weeks ago 18

ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნებით, ზუგდიდში საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა.

აქციის მონაწილეები ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და შემდეგ მსვლელობა გამართეს ზუგდიდის ქუჩებში. რამდენიმე წუთით გადაკეტეს გზებიც.

აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, პედაგოგები და არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებმა მანამდე რამდენი გაგიგოთ. გაგიგოთ ის, რომ თქვენი შვილები უცხოეთში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და რამდენჯერაც თქვენ მათი ჩახუტება მოგინდებათ, ჩადიხართ, გაქვთ ამის საშუალება. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან ის შვილები, რომლებმაც დედები გააგზავნეს უცხოეთში, გესმით თქვენ მათი?! როდემდე გინდათ ეს ქვეყანა წასულებმა გარედან არჩინონ?!”, - მიმართა ხელისუფლებას აქციის მონაწილემ, პედაგოგმა ბელა მოსიამ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ზუგდიდში. 2024 წლის 1 დეკემბერი

საპროტესტო აქციის მონაწილეები ზუგდიდში. 2024 წლის 1 დეკემბერი

ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 28 ნოემბერს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანამ უარი თქვა ევროპულ კურსზე, რასაც არ შეურიგდებიან და საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

აქციის მონაწილეებმა დაგმეს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.

სრულად წაკითხვა