ფოტო – პარტია “გახარია საქართველოსთვის” ქარდი
PACE-ში საქართველოს შესახებ უმწვავესი დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, “ქართული ოცნების” მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია “პირველებთან” ეხმაურება.
გოგლა ჟვანია “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ევროსაბჭოში გასაწევრიანებლად კონკრეტულმა მოქალაქეებმა დიდი შრომა ჩადეს და სწორედ ამ პროცესებში უდიდესი წვლილი ზურაბ ჟვანიას მიუძღვის.
- ზურაბ ჟვანია სწორედ ის პოლიტიკოსი იყო, რომელმაც 1999 წელს, ევროსაბჭოში ისტორიული სიტყვები წარმოთქვა – “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”.
გოგლა ჟვანიას შეფასებით, მიუხედავად მისი ძმისა და სხვა პოლიტიკოსების მიერ გადადგმული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, “ქართული ოცნების” ინტერესები სხვაა – “უკვე ცალსახად ნათელია, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ”.
ზურა იყო ამ პროცესების, საქართველოს ევროინტეგრაციის ლოკომოტივი, ამ პროცესის სათავეში იდგა, მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამ პროცესში უამრავი ადამიანი მუშაობდა. დიდი შრომა არის გაწეული ათეული წლების განმავლობაში. ეს არ იყო მარტივი პროცესი და ზურა იყო ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი სულის ჩამდგმელი.
წყალში ჩაყრილი არ არის, რადგან ჩვენ ვხედავთ საზოგადოების განწყობას და ბრძოლას, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს. წყალში ჩაყრილი იქნებოდა, რომ ეს პროცესი არ მიმდინარეობდეს თბილისისა და საქართველოს ქუჩებში.
უკვე ცალსახად ნათელია, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ. ის არ აპირებს, იყოს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ჩვენი გადასაწყვეტია, ის ამას მოახერხებს, თუ ვერ მოახერხებს”, – ამბობს გოგლა ჟვანია.