ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვა

3 hours ago 2

ოპოზიციური გაერთიანების, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. მას 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა.

ოჯახის წევრები, მეგობრები და ჟურნალისტები ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებას დილის ათი საათისთვის ელოდებოდნენ, თუმცა ის საპატიმრო დაწესებულებიდან უფრო ადრე გამოუშვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა ივნისში მიუსაჯა სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. ეს კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.

ამავე ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს არაერთ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსსაც.

ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, 2025 წლის ნოემბერში შესთავაზეს კანონით გათვალისწინებული პროცედურა - ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაზეც მან უარი თქვა.

ნოემბერში პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ შვიდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა. ზურაბ ჯაფარიძეს ბრალად დასდეს საბოტაჟი და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

სრულად წაკითხვა